სტრატეგიული დისკუსია

პრეზიდენტი: საქართველოში რუსული პროპაგანდის შედეგები ჯერ არ დამდგარა

პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რუსული პროპაგანდის რეალური შედეგები ჯერ არ დამდგარა. გიორგი მარგველაშვილმა "სტრატეგიული დისკუსიის" ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო საინფორმაციო ომში მოწინააღმდეგეს უსწრებს, რაც დიდწილად ქართული მედიის დამსახურებაც არის. 

"სწორედ მომზადებული, კვალიფიციური სწრაფად მორეაგირე და უკვე ინტუიტურად ამ პროცესში ჩამდგარი მასობრივი საშუალებები, დღესაც არის და მომავალშიც იქნება ერთ-ერთი ბერკეტი და ფუნდამენტი ჩვენი საზოგადოების მედეგობისა, როგორც კრიზისების მიმართ, ასევე კრიზისების გამომწვევი ცალკეული, პროვოკაციების, ან პროვოკაციის მცდელობების მიმართ. ჩვენ ამ ჯაჭვში ნამდვილად წინ ვართ ჩვენს მოწინააღმდეგეზე, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ამ თემაზე ორიენტირებული გამოწრთობილი მასმედია, ჟურნალისტთა კორპუსი, რომელმაც ზუსტად იცის სად დაინახოს ამა თუ იმ საკითხის სისუსტე და სირთულე, ასევე, როგორ მოახდინოს საზოგადოების, მათ შორის, პოლიტიკური ძალების მობილიზაცია. ამიტომ, როდესაც საუბარია რუსულ პროპაგანდაზე, ხარისხობრივად ვხედავთ, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდის რეალური შედეგების მიღწევა და დადება ჯერჯერობით არ მომხდარა. ჯერ საქართველოს, დამოუკიდებლობის პირველი დღიდან არ ჰყოლია ხელისუფლება, რომელიც არ იქნებოდა საქართველოს ძირითადი ინტერესების სამსახურში და არ იქნებოდა ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაციის მომხრე", - თქვა პრეზიდენტმა. 

ამავე კონტექსტში მარგველაშვილმა პოლიტიკური სისტემების გაძლიერებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეროვნული მედეგობის მიღწევა "პოლიტიკური ხელმძღვანელობის, სამხედრო ხელმძღვანელობის და საზოგადოების გაერთიანებაა", რაც, თავის მხრივ, უშიშროების საბჭოს შენარჩუნებით და ამ ფორმატში მუშაობით არის შესაძლებელი. 

"ეროვნული უშიშროების საბჭო არის სწორედ ის ადგილი, სადაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა სამხედრო ხელმძღვანელობასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი მიმართულებებით. ვისთვისაც ეს ჯერ კიდევ გაუგებარია - გადაწყვეტილების მიღება შედგება რამდენიმე კომპონენტისგან: ინფორმაციის მოგროვება, ინფორმაციის ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. უბრალოდ ინფორმაციის ანალიზი არ არის თავისთავად გადაწყვეტილება. სწორედ ეროვნული უშიშროების საბჭოს მსგავსი კოლეგიალური ორგანოების ეფექტური ფუნქციონირებით არის უზრუნველყოფილი ერთიანი სისტემა, რომელიც სამხედრო ხელმძღვანელობას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სწორედ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის ირგვლივ აერთიანებს. ჩვენ უნდა გვქონდეს თანხმობა უმაღლესი ღირებულებების თაობაზე, ინფორმირებულები ვიყოთ  იმის შესახებ, რომ თუ ამ ღირებულებებს პრობლემა შეექმნა, როგორ უნდა იმოქმედოს თითოეულმა ჩვენგანმა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სტრატეგიული დისკუსია "ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და მედეგობა" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით გორის სასწავლო უნივერსიტეტში უნივერსიტეტში გაიმართა. მასში საქართველოს ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების თემის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ. 

კომენტარები