საოკუპაციო ხაზთან გარდაცვლილი წვევამდელი

ხოშტარია გარდაცვლილ წვევამდელზე: სიტუაცია საგანგაშოა, მიდგომა - უპასუხისმგებლო

facebook.com/pg/tbilisimayor

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია წალენჯიხის სოფელ მუჟავასთან გარდაცვლილი წვევამდელის მობილურში აღმოჩენილ წამების ვიდეოებს ეხმაურება. მისი თქმით, შემთხვევა საგანგაშოა, მინისტრები კი სიტუაციის გასაცნობად ადგილზე არ მიდიან.  

"ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ შემაშფოთებელი კადრები, როგორ ჩაგრავენ წვევამდელებს და, ფაქტია, რომ ჩვენ ვიხილეთ საბჭოთა ჯარის კადრები, როდესაც ხდება ადამიანების ჩაგვრა ჯარში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს საგანგაშო შემთხვევა ადამიანის გარდაცვალების, სადაც ოჯახს და ადვოკატს აქვს ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხები არ ისმის. ვერ ვხედავთ მინისტრებს, რომლებიც მიდიან და არკვევენ ადგილზე, რა ხდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი მოხდა საოკუპაციო ხაზთან. მინისტრი უნდა მიდიოდეს და რეალურად მიზეზებს არკვევდეს, თუ რა მოხდა და, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ უპასუხისმგებლო მიდგომას ამ ძალიან საშიშ მოვლენასთან,"- ამბობს ხოშტარია. 

დეპუტატის თქმით, საოკუპაციო ზოლთან საგუშაგოზე წვევამდელის სიკვდილი არ არის ერთჯერადი ფაქტი და ქართული ოცნების თავდაცვის პოლიტიკის საერთო პრობლემის ნაწილია. 

"2012 წლიდან მოყოლებული ქართული ოცნება ამბობდა, რომ ჩვენ გადავდივართ პროფესიულ ჯარზე. ეს არის, რაც სჭირდება თანამედროვე საქართველოს და ეს არის ნატოს სტანდარტების მობილური, თანამედროვე, ეფექტური შეიარაღებული ძალები თავისი სარეზერვო სისტემით. ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით როგორ ებრძოდა ქართული ოცნება პოლიტიკური ნიშნით თავდაცვის მინისტრებს, როგორ აკლებდა ამ სისტემას ფულს და რესურსებს და ნაცვლად იმისა, რომ მიზეზები ვეძებოთ, რატომ მივდივართ საბჭოთა ჯარისკენ, ვხედავთ ხელისუფლება გაურბის ყველანაირ პასუხისმგებლობას და საუბრობენ, რომ წვევამდელ სისტემაზე უნდა გადავიდეთ, რომელიც საერთოდ დაასამარებს ამ სისტემას" - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მეთაურის პისტოლეტიდან გარდაცვლილი წვევამდელის მობილურ ტელეფონში ოჯახის წევრებმა ვიდეო იპოვეს. ვიდეოში ჩანს, რომ ფორმაში ჩაცმული მამაკაცი წელსზემოთ შიშველ ახალგაზრდა მამაკაცს ჯერ ფიზიკურად უსწორდება, შემდეგ კი ხევში აგდებს. 

კომენტარები