პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მზად არის, საქართველოს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს თბილისში შეხვდეს.
"ხვალ ჩავალთ თბილისში და შევხვდებით შოთაძეს, რადგან მხოლოდ ოჯახთან უნდა შეხვედრა და სხვა გარეშე პირებთან არა. ჩვენთან ერთად იქნება ადვოკატიც. გვაქვს ბევრი კითხვა და იმედია, პასუხებს მივიღებთ, თუმცა კარგი იქნებოდა, ხეობაში მომხდარიყო შეხვედრა იმ ხალხთან ერთად, ვისაც სპეცოპერაციის შესახებ ბევრი კითხვა აქვს. პირველ რიგში, მოვითხოვთ, ჩემს შვილს მოაშორონ დამნაშავის სტატუსი, მიანიჭონ დაზარალებულის სტატუსი და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა,"- თქვა გარდაცვლილის დედამ მედიკო მარგოშვილმა ინტერპრესნიუსთან.
ირაკლი შოთაძემ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვედრა ხვალ, 2 თებერვალს, 13:00-ზე შესთავაზა.
26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს.