დიდი ბრიტანეთი

ბრიტანელმა მინისტრმა თანამდებობა პალატაში რამდენიმე წუთის დაგვიანების გამო დატოვა

ჩვენ შორის ყველაზე პუნქტუალურ ადამიანსაც კი, ერთხელ მაინც აუცილებლად დაგვიგვიანია სადმე, თუმცა, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, ერთი მარტივი ბოდიშით ვძვრებით ხოლმე უხერხული სიტუაციებიდან, რაც ბრიტანელი ლორდისთვის, მაიკლ ბეითსისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 

დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის ერთერთმა სახელმწიფო მინისტრმა მაიკლ ბეითსმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც პალატაში რამდენიმე წუთით დაიგვიანა. მან ლორდთა პალატა 31 იანვარს დატოვა. 

"მე მინდა, ბოდიში მოვუხადო ბარონესა ლისთერს იმისათვის, რომ მე არ ვიმყოფებოდი ჩემს ადგილას მაშინ, როცა ის კითხვას მისვამდა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. ხუთი წლის მანძილზე, რა დროსაც, ჩემთვის პრივილეგია იყო თქვენს შეკითხვებზე პასუხების გაცემა, მე ყოველთვის მჯეროდა, რომ მე პატივისცემისა და თავაზიანობის ყველა შესაძლო სიმაღლე უნდა მეჩვენებინა ლეგიტიმურ შეკითხვებზე პასუხების გაცემით,"- განაცხადა საერთაშორისო განვითარების მინისტრმა. 

მიუხედავად იმისა, რომ მან სულ რაღაც რამდენიმე წუთით დაიგვიანა, ლორდ ბეითსი ამბობს, რომ შერცხვენილია საკუთარი საქციელით. 

"მე ძალიან მრცხვენია, რომ არ ვიყავი ჩემს ადგილას, ამიტომაც, პრემიერმინისტრს ვთავაზობ ჩემს განცხადებას თანამდებობის დატოვების შესახებ დაუყონებლივი ეფექტით,"- თქვა მან. 

"ბოდიშს ვიხდი" - ამ სიტყვებით დაემშვიდობა ბეითსი პალატას, როცა პოლიტიკოსები ადგილებიდან მოუწოდებდნენ, არ გადაედგა ეს ნაბიჯი. Guardian-თან საუბრისას ბარონესა ლისთერმა განაცხადა, რომ ყველა მინისტრს შორის, ბეითსი უკანასკნელია, რომლის გადაყენებაც სურდა. 

კომენტარები