ვარკეთილის და ახმეტელის თეატრის მეტროსადგურები სხვადასხვა კომპანიამ გაარემონტა

თბილისის მერის ინფორმაციით, ვარკეთილისა და "ახმეტელის თეატრის" მეტროსადგურები ერთი და იგივე კომპანიამ გაარემონტა. თუმცა, შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ შპს "ყვარელრემმშენმა" 2016 წლის 3 ნოემბერს, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო და "ახმეტელის თეატრის" სარემონტო სამუშაოებზე ხელშეკრულება კომპანია "დამბას" გაუფორმდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, "დამბამ" მეტროსადგური "ახმეტელის თეატრის" რემონტის სანაცვლოდ, 523 ათას 214 ლარი მიიღო.

კომპანია "ყვარელრემმშენის" იურიდიული მისამართი ყვარელია, ხოლო ხელმძღვანელი და 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჯოხარიძე. რაც შეეხება "დამბას", მის მისამართად დაფიქსირებულია თბილისი, მარჯანიშვილის ქუჩა, ხოლო ხელმძღვანელი და 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჯაბიძეა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ტაბულას უთხრეს, შესაბამისი სტრუქტურები დაადგენენ ხომ არ არსებობს კავშირი ამ ორ კომპანიას შორის.

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთი და იგივე კომპანიებია, ამას შესაბამისი სტრუქტურები გამოიძიებენ. დასახელებები არის სხვადასხვა. რადგან ეს ინფორმაცია გავრცელდა, შესაბამისი სტრუქტურები გამოძებენ ხომ არ არსებობს კავშირი ამ ორ კომპნიას შორის", - ამბობენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

მეტროსადგურ ვარკეთილის ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი დღეს ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი პოლიციელია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები