ირაკლი მეზურნიშვილი

კასპის მაჟორიტარი დეპუტატი NDI-ის საქართველოს ოფისის უფროსისგან ბოდიშს ითხოვს

kvira.ge

კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. საქმე ლორა ტორნტონის ფეისბუქის პოსტს ეხება. რამდენიმე დღის წინ ტორნტონმა დაწერა: 

"გუშინ ღამით "იმედის" ჟურნალისტმა მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!". 

ირაკლი მეზურნიშვილი ამბობს, რომ ტორნტონის ეს განცხადება წყალს საქართველოს და აშშ-ის მტრების წისქვილზე ასხამს. 

"ქალბატონი თორნტონის ამ „მტკიცებით“, გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენს ქვეყანასთან, განუხრელად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საზღვრების ურღვეობას, მტკიცედ გმობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და არც კი იცის სად არის ეს საზღვრები!? სამწუხაროდ, ნებით თუ უნებლიეთ, ეს ირონიული კომენტარი ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველო იმდენად მცირე და უმნიშვნელო ქვეყანაა დასავლეთისთვის, რომ მისი მოძებნა რუკაზედაც კი შეუძლებელია. ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, განსაკუთრებით ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან, როგორიცაა NDI. მაშინ, როდესაც სულ უფრო იზრდება აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის მასშტაბი, ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთად იცავენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ანტიტერორისტული კოალიციის ფორმატში, აშშ-ის პოლიტიკური ლიდერშიფი იღებს საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, გაუმართლებელია ცინიკური განცხადებებით ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნებისთვის მტრული ნარატივის დამკვიდრებას, ნარტივისა, რომლის თანახმადაც აშშ-ს არაფრად უღირს ჩვენსავით პატარა ქვეყნების პარტნიორობა. მოვუწოდებ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლორა ტორნტონს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ამ განცხადებისთვის, რადგან ასეთი განცხადებები საქართველოსა და აშშ-ის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს“. 

ამათან, ირაკლი მეზურნიშვილი ამბობს, რომ ეს არ არის პარტია ქართული ოცნების პოზიცია და მხოლოდ მისი პირადი აზრია. 

ირაკლი მეზურნიშვილი, გარდა იმისა, რომ კასპის მაჟორიტარი დეპუტატია, არის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.  

კომენტარები