სამსონ ქუთათელაძის საქმე

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას მესამედ კითხავენ

რუსთავი 2

პოლიციამ სამსონ ქუთათელაძის ბრალდებით დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელი და მანქანა დღეს კიდევ ერთხელ გაჩხრიკა. ის რუსთავის პოლიციის სამმართველოში მესამედ დაკითხეს.

გიორგი ჭანტურია გუშინ, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ მას უტყუარი ალიბი ჰქონდა - ქუთათელაძის მკვლელობის დროს ის ბანკში იმყოფებოდა. 

"დამაკავეს, გამომიშვეს. ყოველ დღე ჩხრეკენ ბინას, რას ეძებენ, რა არის აღმოუჩენელი. საავადმყოფოში წევს მამაჩემი, აპარატზეა შეერთებული და იქ დაადგნენ და გინდა თუ არა, უნდა დაგკითხოთო, ეუბნებიან გამომძიებლები. ვინმე გაქცეულა? გამომიშვეს სახლში და ფეხი არ გამიდგამს, ვზივარ სახლში. მეძახიან, მივდივარ. არავინ არსად გარბის“ - თქვა გიორგი ჭანტურიამ მანამ, სანამ პოლიციაში რიგით მესამე დაკითხვაზე შევიდოდა. 

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე  15 იანვარს მოკლეს. ცხედარი მისსავე კაბინეტში იპოვეს. ქუთათელაძეს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ჭანტურია ამბობს, რომ მას სამსონ ქუთათელაძესთან არც საქმიანი და არც პირადი ურთიერთობა არ აკავშირებდა. მარიამ ჭანტურიასვე თქმით, მის ძმას რუსთავის ე.წ სტამბულის ბაზრის წილი 2012 წლამდე ჰქონდა, შემდეგ კი ჩამოართვეს, რაზეც გამოძიებას მიმართეს. 

რუსთავი 2-ისთვის წყაროს მიერ მიწოდებული მასალების მიხედვით, ბოლო პერიოდში მოკლულ ქუთათელაძეს გაუჩნდა ეჭვი, რომ მის მიერვე დანიშნული ბაზრის დირექტორი ფულს ჰპარავდა და მოვაჭრეებისგან შეგროვებული თანხა ბუღალტერიაში სრულად არ შედიოდა. ამის გამო, ქუთათელაძესა და ბაზრის დირექტორის შორის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ჩხუბიც კი მოხდა. 

ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გამომძიებლები ერთადერთ ვერსიაზე, წილების გამო დავაზე მუშაობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყება გამოძიებას 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით აწარმოებს. 

კომენტარები