ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციომ ძალაში დატოვა

civil.ge

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნების, დავით დევნოზაშვილის და ალექსანდრე მუხაძის მიმართ 2017 წლის 20 ივლისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. სასამართლომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ გაიზიარა. 

პროკურატურის ცნობით, მათი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ "2011 წლის 07 ივლისს, შსს-ის თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორებს ზურაბ ქურციკიძეს, გიორგი აბდალაძეს, ირაკლი გედენიძეს და ნათია გედენიძეს ფსიქოლოგიური ზეწოლით დადაშინების გზით მიაცემინებს ცრუ აღიარებითი ჩვენება. 

"დავით დევნოზაშვილის მიერ ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ნათელა და ირაკლი გედენიძეების მიმართ განხორციელებულ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს შედეგად მოჰყვა ხსენებული პირების უფლების არსებითი დარღვევა პირადი ღირსების შეურაცხყოფით და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი ხელყოფა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით დევნოზაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით  შეუმცირდა და განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით 4 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო ალექსანდრე მუხაძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამავე, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ამავე ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ასევე, საგამოძიებო უწყების ცნობით, უკანონოდ გასამართლებული ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.

კომენტარები