მიხეილ სააკაშვილი

სალაძე: შეწყალებისთვის პრეზიდენტთან სამართლებრივი დავის პრეცედენტის პოვნა რთულია

ტაბულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენება კრიტიკის საგანი ხშირად გამხდარა, თუმცა რთულია ისეთი შემთხვევის ნახვა, სადაც ამის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.

მისივე თქმით, შეწყალების და მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებისთვის არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამას ამომრჩეველი წყვეტს.

"ცხადია, პრეზიდენტების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში შეწყალების უფლების გამოყენება ხშირად გამხდარა მათ შორის კრიტიკის საგანი, თუმცა საუბარი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, რომელზეც ჩვენთან გვაქვს შემთხვევა, ეს არის იშვიათი მოვლენა. ძალიან რთულია პრაქტიკაში მსგავსი პრეცედენტების ნახვა, როდესაც პრეზიდენტს ედავებიან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო შეწყალებასთან დაკავშირებით. შესაძლებელია, პრეზიდენტის მხრიდან გაურკვეველ მოქმედებებს ჰქონოდა ადგილი, მაგრამ იქვე ჩნდება კითხვა - შეიძლება თუ არა ეს გახდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, როცა ვსაუბრობთ შეწყალების უფლების გამოყენებაზე. აქ პასუხი არის ძალიან მარტივი - ამ ტიპის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს გამოიხატება არჩევნების გზით, ამომრჩევლის მიერ ნდობის ან უნდობლობის გამოცხადებით კონკრეტული მმართველი ძალის თუ კონკრეტული პირის მიმართ", - აცხადებს სალაძე რუსთავი 2-თან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ გუშინ, 5 იანვარს ცნო. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ეს პირველი განაჩენია, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოს სასამართლოებში გამოცხადდა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წარდგენილი. გამოძიების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებას დაპირდა. გამოძიების თანახმად, ექსპრეზიდენტმა შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, "რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის".

კომენტარები