ახალი წელი

თითების ამპუტაცია და მრავლობითი დაზიანებები - პიროტექნიკით 40-ზე მეტი პირი დაშავდა

ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, თბილისში 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 44 ჰოსპიტალიზებულიდან 21 - ბავშვია. მათ ტრავმები და დამწვრობები ძირითადად ხელებისა და სახის არეში აქვთ მიღებული. 

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ორ დაშავებულს, 25 წლისა და 70 წლის მამაკაცებს, თითების ამპუტაცია დასჭირდათ. ისინი ამ დრომდე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში რჩებიან.

რაც შეეხება ბავშვებს, იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის ინფორმაციით, შეიყვანეს 13 მცირეწლოვანი, რომლებსაც პიროტექნიკის გამოყენების შედეგად სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდათ. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, 7 არასრულწლოვანი კვლავ სტაციონარში რჩება.

"სულ შემოვიდა 13 პაციენტი, აქედან სტაციონარში მოთავსდა 7. მათ აღენიშნებოდათ პიროტექნიკის შედეგად მიყენებული მრავლობითი დაზიანებები. აქ არ არის ერთ რომელიმე თითზე ან კიდურზე ლაპარაკი, აქ არის მრავლობითი დაზიანებები, რომლებიც მოიცავს როგორც მყესებს, ასევე იოგებს, ძვლებს მრავლობითი მოტეხილობებით. არის საკმაოდ ფართო დაზიანებები, რომლებიც მოითხოვს ხანგრძლივ და საკმაოდ სერიოზულ მკურნალობას", - ამბობს ირაკლი ვარბუკაშვილი, იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ 31 დეკემბერს პიროტექნიკის უსაფრთხოდ გამოყენებისთვის სპეციალური რეკომენდაციები გაავრცელა.

კომენტარები