გოეთეს ინსტიტუტი

საერთაშორისო პლატფორმა დრამატურგებისთვის

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მიერ 2017 წელს განხორციელებული პროექტებიდან ერთ-ერთია Next Stage Europe 3, რომელიც თანამედროვე დრამატურგიის განვითარებას ემსახურება. პროექტზე მუშაობა გოეთეს ინსტიტუტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, 2015 წლიდან დაიწყო.

რა ტიპის სამუშაოს და ღონისძიებებს ითვალისწინებდა წლევანდელი Next Stage Europe 3?

პროექტის საწყის ეტაპზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან - საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან - შეირჩა 12 დრამატურგი. მათ მიერ შემოთავაზებული პიესებიდან გერმანულ ენაზე ითარგმნა ნაწყვეტები, რომლები ოთხივე ქვეყანაში ცალ-ცალკე ორგანიზებული ვორქშოფების ხელმძღვანელებმა წაიკითხეს.

მარია სალაცარის, მიშელ დეკარის, ოლგა გრიაზნოვას და იონას ლუშერის მიერ ჩატარებული სამდღიანი ვორქშოფების ფარგლებში, ქართველმა (იოსებ ბაკურაძე, მაკა კუკულავა, გურამ მაცხონაშვილი, ლილე შენგელია, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ირაკლი ცხადაია), სომეხმა (ანა დავთიანი, ანუშ კოჩარიანი, მაიკ გალსტიან ცოლაკი, ანუშ ასლიბეკიანი, დავით ხაჩიიანი, სტელა ლორეციანი), აზერბაიჯანელმა (ჟალე ისმაილი, ორხან ბაჰადირსოუ) და რუსმა (სანკტ პეტერბურგი - კარინა ბესოლტი, ნატაშა ბორენკო, ასია ვოლოშინა, მაშა ოგნევა, იულია ტუპიკინა, ნოვოსიბირსკი - სერაფიმა ორლოვა, ეკატერინა გალიამოვა, კრისტინა კარმალიტა, ეკატერინა გილევა) დრამატურგებმა წარმოდგენილ პიესებზე უფრო დეტალურად იმუშავეს.

ამ დრამატურგებიდან, საბოლოოდ, ისევ და ისევ პიესების მიხედვით, შეირჩა რამდენიმე (მაგალითად, საქართველოდან: მაკა კუკულავა, ლილე შენგელია, გურამ მაცხონაშვილი და ირაკლი ცხადაია), რომლებმაც თავიანთი ნამუშევრები პოტსდამის ლიტერატურის ფესტივალზე მიწვეული სტუმრების (დაახლოებით 4 ათასი ადამიანი) თანდასწრებით წარმოადგინეს (ცალკეულ შემთხვევებში, მსახიობებისა და რეჟისორების დახმარებით) და განიხილეს კიდეც.

დრამატურგები პოტსდამში

ამით, დამსწრე საზოგადოებას უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნა ოთხივე ქვეყნის ყოფასა და ყოველდღიურობაზე. პოტსდამის ჰანს ოტოს თეატრის გარდა, პროექტის მონაწილეები ბრანდენბურგისა და ბერლინის მოქმედ თეატრებსაც გაეცნენ. პროექტის ფინალურ ეტაპზე, გერმანულ ენაზე მომზადდა და გამოიცა კრებული, სადაც ოთხივე ქვეყნის მონაწილეთა პიესების ნაწყვეტები შევიდა.

რა იყო Next Stage Europe-ის განხორციელების იდეა?

გერმანიაში უცნობი აღმოსავლეთ ქვეყნების ავტორების იდეების, კონცეფციებისა და დრამატურგიული ტექსტების გაცნობა და მრავალმხრივი დისკუსიის წარმართვა. პროექტი ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის ავტორებს შორის ხანგრძლივი კონტაქტების დამყარებას და გერმანული თეატრების წარმომადგენლების დაინტერესებას.

"რუსეთისა და სამხრეთ კავკასიის საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კულტურული თემები თანამედროვე ევროპული თეატრის ფოკუსში უნდა მოხვდეს და საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. ამით ევროპას შანსი ეძლევა, დაინახოს ახალი ხელოვნების საინტერესო პერსპექტივები, რომელთა იდენტურობა კრიზისებით, შეიარაღებული კონფლიქტითა თუ პოლიტიკური რეორგანიზაციების წყალობით, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ხშირად ეჭვის ქვეშ დგას“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

პროექტის პარტნიორები არიან: ჰააკის ბიურო პოტსდამში, რომელიც ასევე პოტსდამის ლიტერატურის ფესტივალის კურატორია (www.litpotsdam.de), ხოლო ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს კარინ გრაფის ლიტერატურული სააგენტო.

კომენტარები