მიხეილ სააკაშვილი

რას ამბობენ ენმ-ის წევრები მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ შეცდომებზე

მიხელ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის მიერ გამოქვეყნებული წერილი მას ეკუთვნის. დოკუმენტში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი წერს, რომ ის პოლიტიკურ შეცდომებს უშვებდა და დღემდე უშვებს.

პარტიის ლიდერის წერილზე და მის შეცდომებზე ტაბულა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს ესაუბრა.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელიას აზრით, მიხეილ სააკაშვილის მთავარი შეცდომა არის ის, რომ დღეს ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“.

კითხვაზე, რამდენად მისაღებია კულუარულ-შემრიგებლური ტაქტიკა და ეს წერილი ხომ არ არის პოროშენკოსთან გარიგების მცდელობა, მელია პასუხობს, რომ დოკუმენტში სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს მოლაპარაკეს სთავაზობს, ტაც საჯარო სივრცეშიც განუცხადებია არაერთხელ.

"გარიგება რა თქმა უნდა არ არის, როგორ გეკადრებათ. პირიქით, ეს არის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ბოევიკი კი არ არის, პოლიტიკოსია, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესები იყოს დაცული და საერთო მტრის წისქვილზე არ დაასხას წყალი უკრაინაში მიმდინარე ურთულესმა შიდა პოლიტიკურმა პროცესებმა. არაერთი საჯარო განცხადება გაუკეთებია ბატონ სააკაშვილს, მათ შორის ბოლო დღეებში, სადაც პირდაპირ სთავაზობდა მას მოლაპარაკებას ხელისუფლების გადაბარების თაობაზე", - აცხადებს მელია.

გარიგების მცდელობას გამორიცხავს ენმ-ის პოლიტსაბჭოს მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილიც. რაც შეეხება მიხეილ სააკშვილის პოლიტიკურ შეცდომებს, ბიბილაშვილი ამბობს:

"პირადად მე არაერთგზის მისაუბრია მის და ნაციონალური მოძრაობის შეცდომებზე, ეს იყო ის შეცდომები, რომლის გამოც საქართველოს მოსახლეობამ 2012 წელს არჩია, რომ ქვეყანა ახალ პოლიტიკურ გუნდს წაეყვანა წინ. საუბარი იყო ბიზნესთან მიდგომაზე, ნარკოპოლიტიკაზე, ციხეებში მდგომარეობაზე..."

ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილიც მიიჩნევს, რომ მიხელ სააკაშვილის წერილი უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებოდა.

"მიხეილ სააკაშვილმა ძალიან ვრცელი განცხადება გააკეთა ამ თემაზე და სრულად აღწერა რა მიზეზით და რატომ მისწერა პეტრო პოროშენკოს. მთავარი მიზანი ის იყო, რომ უკრაინის სახელმწიფოებრივი ინტერესები ყოფილიყო დაცული პირველ რიგში და რამე დესტაბილიზაცია არ მომხდარიყო ქვეყანაში. არანაირი გარიგება არ იყო, ეს იყო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", - აცხადებს უდუმაშვილი.

ენმ-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ნიკა რურუა აცხადებს, რომ სააკაშვილს კულუარული პოლიტიკა არ ახასიათებს.

"პოლიტიკოსები საუბრობენ, ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. სისულელეა, კულუარული გარიგება და კულუარული პოლიტიკა სააკაშვილს ნამდვილად არ ახასიათებს. როგორ გგონიათ, წერილი, რომელსაც გზავნი, შეიძლება მიიჩნიო, რომ არ გასაჯაროვდება? ამ წერილის შინაარსის გასაჯაროების მას რომ შეშინებოდა, არ გაუშვებდა ცხადია. არასაჯარო წერილი არ არსებობს პოლიტიკაში, რასაც გზავნი, ის გასაჯაროვდება", - ამბობს რურუა.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტის პოლიტიკურ შეცდომებს, ნიკა რურუაც მიიჩნევს, რომ მათ შორის არის "ქართულ ოცნებასთან" არჩევნების წაგება.

"რა შეცდომა დაუშვა ჯობია მას ჰკითხოთ, მე რომ მეკითხებით, მე როგორ გამოვიცნო რა იგულისხმა. შეცდომები ალბათ ყველას აქვს, მისი ჩათვლით, მაგრამ ახლა არამგონია ამ კითხვისთვის სწორი დრო იყოს. ბევრი შეცდომა დაუშვა ალბათ მანაც, მათ შორის ოცნებასთან არჩევნების წაგება", - აცხადებს დეპუტატი.

მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი თანაგუნდელი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პოროშენკოსთვის გაგზავნილი წერილი კულუარული არ იყო და არც გარიგების მცდელობას ყოფილა.

"წერილი არ იყო კულუარული, ეს იყო წერილი, რომელიც გადაიცა ევროკომისიის წარმომადგენლის მეშვეობით და ამ წერილზე მიხეილ სააკაშვილმა განცხადება ძალიან ბევრჯერ გააკეთა. სანამ წერილი გამოაშკარავდებოდა პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ, რაც ნამდვილად არ არის ღირსეული საქციელი, მანამდე მან ისაუბრა ამ წერილზე. საიდუმლო და კულუარული წერილი არ ყოფილა ნამდვილად, ეს იყო წერილი, რომელიც გულისხმობდა უკრაინის კრიზისიდან გამოყვანას. გარიგების მცდელობა ნამდვილად არ შეიძლება იყოს, ამაზე თანხმდება უკრაინის საზოგადოება მთლიანად, ასევე, სამოქალაქო საზოგადოება. საუბარი იყო იმაზე, რომ როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება ისე, რომ საერთო მტრებმა არ გამოიყენონ არსებული სიტუაცია", - ამბობს დეკანოიძე.

მიხეილ სააკაშვილს მთავარ პოლიტიკურ შეცდომად, თანაგუნდელების მსგავსად, დეკანოიძესაც არჩევნების წაგება მიაჩნია.

"ადამიანები ვართ და ყველა ვუშვებთ შეცდომას, ყველას ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობა და წარსული გვაქვს. თუმცა მთავარი პოლიტიკური შეცდომა იყო ის, რომ ჩვენ თავის დროზე ვერ გავითავისეთ რამხელა საფრთხე იყო ოლიგარქის ხელისუფლებაში მოსვლა, რომ დღეს ხელისუფლებაში არის "ქართული ოცნება", რომელიც არავითარ დემოკრატიულ პლატფორმას არ წარმოადგენს", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ენმ-ის კიდევ ერთი წევრი, გია ბარამიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილსა და პეტრო პოროშენკოს შორის გარიგება შეუძლებელია.

"არ არსებობს ცივილიზებულ ბრძოლაში ამგვარი მეთოდის გამოყენების გამორიცხვა, მით უმეტეს, როცა ეს კომუნიკაცია შედგა მისი დასავლეთის სახელმწიფოების დიპლომატებთან კომუნიკაციის შედეგად. გარიგება მიხეილ სააკაშვილსა და პეტრო პოროშენკოს შორის შეუძლებელია, ახლა ისეთი პოლიტიკური პროცესი არის დაწყებული, აქ გარიგება ვერ მოხდება. ან ერთი პოლიტიკოსი გადარჩება პოლიტიკურად, ან მეორე", - ამბობს ბარამიძე.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტის პოლიტიკურ შეცდომებს, გია ბარამიძე სააკაშვილის უკრაინაში მოღვაწეობაზე საუბრობს:

"ძალიან კარგია, რომ ზოგადად ადამიანი და პოლიტიკოსი, მით უმეტეს ასეთი დიდი პოლიტიკოსი, აღნიშნავს, რომ ჰქონია შეცდომები. ეს ნორმალურია, ეს ნორმალურობის ნიშანია. რაც შეეხება მის შეცდომებს, ის ახლა ისეთ ბრძოლაშია, სადაც ბევრ დეტალს და ნიუანსს აქვს მნიშვნელობა. ამ ბრძოლაში უნდა იყო უშუალოდ ჩართული იქ, უკრაინაში, რომ უფრო ობიექტურად განსაზღვრო რა შეცდომაზეა საუბარი. გარედან, მაყურებლის თვალით, სტრატეგიულად მას ყველაფერი სწორად მიჰყავს. შეიძლება მის პოლიტიკურ შეცდომად ჩაითვალოს ის, რომ უფრო ადრე უნდა გადამდგარიყო ოდესის გუბერნატორობიდან, რადგან შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ადრევე გამოჩნდა, რომ პოროშენკოს მისი იმ თანამდებობაზე ყოფნის უფრო გამოყენება სურდა, ვიდრე საქმის კეთების. შეიძლება ახალი პრემიერმინისტრის მიმართ ნდობა იყოს შეცდომა, რადგან პროგნოზირებადი იყო, რომ პოროშენკოს წინააღმდეგ არ წავიდოდა. თუმცა ეს შეცდომები პოზიტივის მატარებელიცაა, იმ თვალსაზრისით, რომ მან ყველა გზა, ყველა ხერხი სცადა იმისთვის, რომ თუ პოროშენკოს რეალურად უნდოდა საქმის კეთება, გვერდში დადგომოდა მას".

საქართველოს მესამე პრეზიდენტის წერილი პოროშენკოსადმი, რომელშიც ის წერს, რომ ბევრ პოლიტიკურ შეცდომას უშვებდა და დღემდე უშვებს, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

"პატივცემულო პეტრე ალექსის ძევ, ბატონო პრეზიდენტო

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, მე აგრესიულად არ ვარ განწყობილი. თქვენ კარგად მიცნობთ და მშვენივრად ხვდებით, რომ ჩემი ფსბ-თან თანამშრომლობაში დადანაშაულება არა მხოლოდ აბსურდია, არამედ უკრაინის მტრებსაც ახარებს.

რასაკვირველია მე ვუშვებდი და ვუშვებ ბევრ პოლიტიკურ შეცდომას, მაგრამ ახლა, როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროა ვითარების დეესკალაცია და დესტაბილიზაციის აღკვეთა. 

მზად ვარ, ნებისმიერ დროს შევხვდე თქვენს წარმომადგენელს მოსალაპარაკებლად." - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა დოკუმენტის ავთენტურობა დაადასტურა და თქვა, რომ წერილი პოროშენკოს სასამართლოს მოგების შემდეგ მისწერა.

"დღეს პრეზიდენტმა პოროშენკომ უნამუსობის მორიგი რეკორდი დაამყარა და ჩემი პირადი წერილი გამოაქვეყნა. თქვენთვის გასაგები რომ იყოს, ეს წერილი მე ციხიდან გამოსვლის და პოროშენკოს სასამართლოსთვის მოგების მერე დავწერე, მას შემდეგ, რაც დასავლელი დიპლომატიური მისიების წამყვან ხელმძღვანელებთან გავიარე კონსულტაციები. მე მათ გვარებს არ დავასახელებ, რადგან პოროშენკოსგან განსხვავებით, მე ბოლომდე ვიცავ დიპლომატიურ ეტიკეტს, თუმცა მას შემდეგ, რაც მე კიევში აკრედიტირებულ წამყვან დასავლელ დიპლომატებთან მქონდა საუბარი, ჩვენ, ამ ელჩებთან ერთად, გადავწყვიტეთ, პოროშენკოსთან მოლაპარაკებების დაწყება გვეცადა, რათა ამ პოლიტიკურ კრიზისში მშვიდობიანი გადაწყვეტილება მიგვეღო და ისეთი გამოსავალი გვეპოვა უკრაინის სასიკეთოდ, რომ მტერს ქვეყნის შიდა და პოროშენკოს სისუსტეებით არ ესარგებლა" - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები