მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ გამოქვეყნებული წერილი მან დაწერა

Reuters

მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის მიერ გამოქვეყნებული წერილი მან დაწერა. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეო მიმართვა განათავსა.

"დღეს პრეზიდენტმა პოროშენკომ უნამუსობის მორიგი რეკორდი დაამყარა და ჩემი პირადი წერილი გამოაქვეყნა. თვენთვის გასაგები რომ იყოს, ეს წერილი მე ციხიდან გამოსვლის და პოროშენკოს სასამართლოსთვის მოგების მერე დავწერე, მას შემდეგ, რაც დასავლელი დიპლომატიური მისიების წამყვან ხელმძღვანელებთან გავიარე კონსულტაციები. მე მათ გვარებს არ დავასახელებ, რადგან პოროშენკოსგან განსხვავებით, მე ბოლომდე ვიცავ დიპლომატიურ ეტიკეტს, თუმცა მას შემდეგ, რაც მე კიევში აკრედიტირებულ წამყვან დასავლელ დიპლომატებთან მქონდა საუბარი, ჩვენ, ამ ელჩებთან ერთად, გადავწყვიტეთ, პოროშენკოსთან მოლაპარაკებების დაწყება გვეცადა, რათა ამ პოლიტიკურ კრიზისში მშვიდობიანი გადაწყვეტილება მიგვეღო და ისეთი გამოსავალი გვეპოვა უკრაინის სასიკეთოდ, რომ მტერს ქვეყნის შიდა და პოროშენკოს სისუსტეებით არ ესარგებლა" - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის წერილი პოროშენკოსადმი უკრაინის პრეზიდენტის
პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

წერილში სააკაშვილი წერს, რომ ის ბევრ პოლიტიკურ შეცდომებს უშვებდა და კიდევ უშვებს.

"პატივცემულო პეტრე ალექსის ძევ, ბატონო პრეზიდენტო

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, მე აგრესიულად არ ვარ განწყობილი. თქვენ კარგად მიცნობთ და მშვენივრად ხვდებით, რომ ჩემი ფსბ-თან თანამშრომლობაში დადანაშაულება არა მხოლოდ აბსურდია, არამედ უკრაინის მტრებსაც ახარებს.

რასაკვირველია მე ვუშვებდი და ვუშვებ ბევრ პოლიტიკურ შეცდომას, მაგრამ ახლა, როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროა ვითარების დეესკალაცია და დესტაბილიზაციის აღკვეთა. 

მზად ვარ, ნებისმიერ დროს შევხვდე თქვენს წარმომადგენელს მოსალაპარაკებლად." - წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები