2017 წელს გარდაცვლილი ჟურნალისტები

PEC-ის სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს მსოფლიოში 97 ჟურნალისტი დაიღუპა

http://www.pressemblem.ch/

Press Emblem Campaign-ის ცნობით, 2017 წელს მსოფლიოში 97 ჟურნალისტი დაიღუპა, რაც გასული წლის მონაცემზე 24%-ით ნაკლებია. PEC-მა სტატისტიკა ჟენევაში ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, გარდაცვლილ ჟურნალისტთა რიცხვი 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლითაა დათვლილი. 

2008 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა გარდაცვლილ ჟურნალისტთა რაოდენობამ წლის განმავლობაში 100-ს არ გადააჭარბა. 2017 წელს 97 ჟურნალისტი 28 ქვეყანაში დაიღუპა. ყველაზე მეტი 14 ჟურნალისტი მექსიკაში გარდაიცვალა, შესაბამისად PEC-მა მექსიკა ჟურნალისტებისთვის 2017 წლის ყველაზე საშიშ ქვეყნად დაასახელა. საშიში ქვეყნების სამეულში შევიდნენ ერაყი და ავღანეთიც, 9 და 8 გარდაცვლილი ჟურნალისტით.


ფოტო: http://www.pressemblem.ch/
ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, ყველაზე საშიშ ქვეყნად სირია ითვლება, სადაც ჯამში 69 ჟურნალისტი გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებთან შედარებით, გარდაცვლილ ჟურნალისტთა რაოდენობა შემცირდა, PEC-ის მონაცემებით, გარდაცვლილ ქალ ჟურნალისტთა რაოდენობა გაიზარდა. 2016 წელს სულ ხუთი ჟურნალისტი ქალი გარდაიცვალა, 2017 წელს კი 16.

 

კომენტარები