თბილისის მერია

თბილისის 32 ქუჩაზე, ნაგავშემკრებ კონტეინერებს 22:00 საათიდან დაცლიან

რუსთავი 2

თბილსერვის ჯგუფი ნაგვის ღამის საათებში გატანას მომავალი წლის პირველი მარტიდან დაიწყებს. თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის თქმით, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ნაგავმზიდი მანქანები 22:00 საათიდან იმოძრავებენ და 32 ქუჩაზე, 400-მდე ნაგავშემკრებ კონტეინერს დაცლიან.

მაია ბითაძის განცხადებით, საპილოტე პროექტი ჭავჭავაძის გამზირზე, აბაშიძის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, კავსაძის, ბაზალეთის, ერისთავის, ნაფარეულის, ბარნოვის, არაყიშვილის, ტაბიძის, რადიანის, მცხეთის, შატბერაშვილის, ჯანაშვილის, ქუთათელაძის, ატენის, რაზმაძის, ელიავას, ცხვედაძის, მარუხის გმირების, ქობულეთის, ჩოლოყაშვილის, რამიშვილის, გაბაშვილის, ყიფშიძის, აბულაძის, მარაბდის, მოსეშვილის, დარიალისა და კეკელიძის ქუჩებზე განხორციელდება.

"პროექტის მთავარი მიზანი საცობებისგან ქალაქის მაქსიმალურად განტვირთვა და ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობაა. შესაბამისად, იმ ქუჩებზე, რომელზეც მომავალი წლის პირველი მარტიდან საპილოტე რეჟიმი დაიწყება, დასუფთავების ნაგავმზიდი მანქანები 22:00 საათიდან იმოძრავებენ. აღნიშნული ქუჩების მცხოვრებლებს ძალიან ვთხოვთ, რომ მერიას ამ პროექტის განხორციელებაში მხარში ამოუდგეს და მაქსიმალურად შეეცადოს, ნარჩენები საღამოს საათებში გაიტანოს, რათა პროექტი ეფექტიანი იყოს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, საპილოტე პროექტის ეფექტიანად განხორციელების შემდეგ, აღნიშნული რეჟიმი თბილისის სხვა ქუჩებზეც გაგრძელდება.  

კომენტარები