მიხეილ სააკაშვილი

როგორ მოვედი აქამდე? - მიხეილ სააკაშვილი არსებულ ვითარებაზე ვრცელ წერილს აქვეყნებს

EFREM LUKATSKY / ASSOCIATED PRESS

"როგორ მოვხვდი მთავრობის ოფისიდან ციხეში?"- ასე ჰქვია New York Times-ზე გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა დღეს გამოაქვეყნა. 

წერილში მიხეილ სააკაშვილი საუბრობს როგორ წავიდა საქართველოდან, როგორ ჩავიდა აშშ-ში, რატომ დაბრუნდა უკრაინაში, რა მიზანი ჰქონდა, როცა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტს დასთანხმდა, როგორ დაუპირისპირდა მოულოდნელად პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებას, რომელმაც თვითონ დანიშნა ის აღნიშნულ პოსტზე და თვითონვე მიანიჭა მოქალაქეობა, როგორ დატოვა ეს პოსტი, რატომ წავიდა ოპოზიციაში და ბოლოს, როგორი იყო მისი დაკავების ქრონოლოგია და რა გეგმები აქვს ახლა. 

ექსპრეზიდენტის წერილს სრულად გთავაზობთ:

"მე, შესაძლოა, ვარ პირველი ქვეყნის ყოფილ მეთაურებს შორის ჰაბსბურგის შემდეგ, რომელიც მოქალაქეობის გარეშე დარჩა.

წარსულში მე, ასევე, მომიხსენიებდნენ, როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთერთ ყველაზე დიდ მტერს. და მაინც, სულ ახლახანს სამი დღე გავატარე წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც უკრაინის სამართალდამცავებმა დამაკავეს, რომლებიც სხვა ბრალდებებთან ერთად, რუსეთის საიდუმლო აგენტობაში მდებენ ბრალს.

როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

საქართველოში ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ, რომლის დროსაც ჩემი სამშობლო იმად ვაქციე, რასაც მსოფლიო ბანკმა 2007 წელს სამყაროს ნომერ პირველი რეფორმატორი უწოდა, მე შეერთებულ შტატებში წავედი და იქ ვასწავლიდი.

თუმცა, 2013 წლის ნოემბერში უკრაინაში, იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი ადრეული წლები გავატარე, ვცხოვრობდი და ვსწავლობდი, საპროტესტო ტალღა დაიწყო ყაჩაღი, პრორუსული პრეზიდენტის თავიდან მოსაშორებლად. მას შემდეგ, რაც სტუდენტებს სცემეს კიევის ცენტრალურ მოედანზე, მე მივხვდი, რომ იქ უნდა ვყოფილიყავი. მე წავედი უკრაინაში, რომ შევერთებოდი მაიდანის დემონსტრაციებს.

საწყის ეტაპზე, პრორუსული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაძევების შემდეგ, სიტუაცია უკრაინაში დამაიმედებელი იყო. მას შემდეგ, რაც პეტრო პოროშენკომ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, 2015 წლის მაისში მან უკრაინის მოქალაქეობა მომანიჭა.

იმავე წლის ნოემბრისთვის, მე ჩემს ყოფილ ქართველ კოლეგებთან ერთად, მათ დავეხმარე შეექმნათ უკრაინის პოლიცია. ასევე, ჩვენ მთლიანად შევცვალეთ ის კორუფციული გზები, რომლითაც ხდებოდა სახელმწიფო უწყებებში დასაქმება და დავეხმარეთ მათ, რომ შექმნილიყო უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო, მოდარაჯე ძაღლი.

იმ დროისთვის, ბატონი პოროშენკო მიესალმებოდა ჩვენს დახმარებას. ის მახასიათებდა მე, როგორც "უკრაინის დიდ მეგობარს" და მე და სხვა ქართველ რეფორმატორებს მოქალაქეობა მოგვანიჭა. რამდენიმე ჩვენგანი უკრაინის მთავრობაში სამუშაოდ მიგვიწვიეს. ერთი ეროვნული პოლიციის მეთაური გახდა და მეორე ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი. კიდევ ერთი ქართველი ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. 

მე დავთანხმდი ვყოფილიყავი ოდესის ოლქის გუბერნატორი, რომ დამეცვა ის რუსეთის მხრიდან მისი ხელყოფის მცდელობებისგან და დავიწყე იქ რეფორმები. ამ რეფორმებმა მოიზიდა ძალიან ბევრი ახალგაზრდა უკრაინელი, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერაც ჰქონდა და მათში ხალხი პოსტსაბჭოთა ოლიგარქიისგან თავის დახსნის შანსს ხედავდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 2016 წლის მიწურულისთვის ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი მცდელობები, დაგვენერგა რეფორმები ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ფერხდებოდა. 

ბატონი პოროშენკო, ოლიგარქი, რომელიც მდიდარი ძველი სისტემის საშუალებით გახდა, და მისი გარემო არა მხოლოდ არ ეხმარებოდა ჩემს გუნდს ოდესაში და სხვა რეფორმატორებს, არამედ პირდაპირ დაიწყო ძირის გამოთხრა ჩვენი მიღწევებისთვის. მე მჯერა, რომ ეს ძირითადად პირადი ინტერესის გამო მოხდა - საჯარო უწყებებში მეტი გამჭვირვალობა ტოვებდა ნაკლებ ადგილს მათთვის, რომ ფული ეკეთებინათ. უფრო მეტიც, ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო პრეზიდენტთან დაახლოებულ ასოციაციებამდეც მივიდა. 

2016 წლის ნოემბერში მე გუბერნატორობიდან გადავდექი და ჩამოვაყალიბე ოპოზიციური პარტია. ხელისუფლება ცდილობდა, ხელი შეეშალა მისი შექმნისთვის. რამდენიმე თვის შემდეგ, სანამ ქვეყნის გარეთ ვიყავი, მე უკრაინის მოქალაქეობა ჩამომერთვა (გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, რომ გავმხდარიყავი უკრაინის მოქალაქე, ოფიციალურად მოქალაქეობის გარეშე დავრჩი). მიუხედავად იმისა, რომ მე ვიღებდი პირდაპირ მუქარას, რომ არ დავბრუნებულიყავი უკრაინაში, მე დაბრუნება მოვახერხე - მოქალაქეობის ოფიციალურად არმქონე, მაგრამ იმაზე მეტად მიზანდასახული, ვიდრე ოდესმე. 

ამასთან, დავიწყე მშვიდობიანი მობილიზება ცვლილებებისთვის, ჩამოვაყალიბე კოალიცია ოპოზიციური პარტიებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომ გამეპროტესტებინა პარლამენტის წინ. 

ამავდროულად ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო, მას შემდეგ რაც მათ პრეზიდენტის კორუფციული გარიგებები ამხილეს სამხედრო საქმეებში, მძლავრი წნეხის ქვეშ მოექცა. ბიუროს გამომძიებლები პროკურატურამ დაკითხა, ფარული აგენტები კი ამხილეს. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ უკრაინელმა ხალხმა პრეზიდენტი მეტწილად მისი კორუფციის გამო გადააყენა. ისინი არ შეეგუებიან იმის ნახვას, რომ მათი მცდელობა უშედეგო გამოდგა.  

ასე რომ, გასულ კვირას ჩემმა პარტიამ, ახალი ძალების მოძრაობამ, მაიდანის შემდეგ ერთერთი ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია დაგეგმა კორუფციისა და ანტიკორუფციულ ბიუროზე თავდასხმის წინააღმდეგ. ორი დღის შემდეგ, ჩემს სახლში, რომელიც მაიდანთან ახლოს მდებარეობს, ჩხრეკა ჩატარდა სპეციალური ქვედანაყოფების მხრიდან, რომლებიც ჩემს დაკავებას შეეცადნენ ისე, რომ დაკავების ორდერიც კი არ უჩვენებიათ. ქუჩაში გამვლელი მოქალაქეები ჩაერივნენ და გამათავისუფლეს სამართალდამცავების მინივენიდან. რამდენიმე დღის შემდეგ მე ისევ დამაკავეს. ბრალი მედებოდა კრიმინალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის.  

გენერალურმა პროკურორმა გამოაცხადა, რომ მე რუსეთის საიდუმლო პოლიციის აგენტი ვარ და ჩემი მიზანი უკრაინის დესტაბილიზაციაა.

უკრაინა ცალსახად დესტაბილიზებულია რუსეთის მიერ. და ამასთან ცალსახაა, რომ რუსეთს ჰყავს დიდი ძალაუფლების მქონე მოკავშირეები ამ დესტაბილიზაციაში - უკრაინის ადგილობრივი, ხარბი და კორუმპირებული ელიტა, რომელმაც ევროპაში ერთერთი ყველაზე დიდი დოვლათის მქონე ქვეყანა ერთერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად აქცია. 

მე მჯერა უკრაინის დიდებული მომავლის. მჯერა, რომ როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების, ასევე მისი წარმატებაც იმ ტენდენციის ცვლილებაშია, რომლის მიხედვითაც ოლიგარქები, რომლებმაც ისწავლეს, როგორ იმანიპულირონ არჩევნებზე, იმარჯვებენ. იმედი მაქვს, რომ ცოცხალი ვიქნები არც ისე შორეული მომავლის იმ დღეს, როცა ამ გამარჯვებას ყველა უკრანელთან და სხვა პოსტსაბჭოთა ერებთან ერთად გავიზიარებ.

ორშაბათს ადგილობრივმა მოსამართლე ლარისა ცოკოლმა, არაერთი ზეწოლის მიუხედავად, გამათავისუფლა. ახლა მე ვიდავებ ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალის მიმართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ სრულად გავმართლდები. მოსამართლე ცოკოლი ერთერთია იმ მრავალ მამაც უკრაინელში. ისინი არიან ამ ქვეყნის იმედი და მომავალი," - წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები