მიხეილ სააკაშვილის დაკავება

რულოვსი: ხმა ავიმაღლოთ, რომ დავიცვათ ჩემი მეუღლის იდეალები

Fb.com/ Sandra Roelofs

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი Facebook-ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სააკაშვილის დაკავებას მხოლოდ პოლიტიკური საფუძველი აქვს. მისივე თქმით, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს 1 წელია ემუქრებიან, მას შემდეგ, რაც ის ოპოზიციაში გადავიდა. 

"რამდენიმე წლის წინ, მიშა თავად უკრაინის ხელისუფლებამ დაპატიჟა უკრაინაში, რათა გაეკეთებინა ის, რაშიც ის საუკეთესოა - ებრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და ამგვარად გამოთავისუფლებული რესურსები მიემართა ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების განსახორციელებლად, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის სწრაფ განვითარებას გამოიწვევდა. მას ეს გაკეთებული აქვს საქართველოში და შეუძლია ამის გაკეთება უკრაინაში, იგივე, თუ მეტი წარმატებით არა - რამეთუ უკრაინას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. უკრაინის წარმატება კი საქართველოს წარმატებაცაა,"- წერს რულოვსი. 

ყოფილი პირველი ლედის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მისი კაბინეტის წევრები რეფორმების გასატარებლად მზად არ აღმოჩნდნენ.

"მიშა სწრაფად უახლოვდებოდა მათ ბიზნეს ინტერესებს და მათ მრავალმილიარდიან იმპერიებს. შესაბამისად, მას ებრძოდნენ და მის ინიციატივებს ბლოკავდნენ. როცა მან ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბა, უკრაინის პრეზიდენტმა მიშას იმ მომენტისთვის მისი ერთადერთი - უკრაინული - მოქალაქეობა წაართვა,"- ამბობს ყოფილი პირველი ლედი. 

სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს მოუწოდებს, დაიცვან ყოფილი პრეზიდენტის იდეალები. 

"ახლა, როცა ჩემი მეუღლე დაკავებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, ჩვენ ხმა უნდა ავმაღლოთ, რომ დავიცვათ მისი იდეალები,"- წერია რულოვსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში გუშინ დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში არის გადაყვანილი. ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის ინფორმაციით, მან შიმშილობა დაიწყო.

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას ითხოვს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსპიკერმა ლარისა სარგანმა გააკეთა.

სააკაშვილს ბრალი ედება დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში.

კომენტარები