თბილისის მერია

ისნის მაჟორიტარი: 500 ლარი ერთჯერადი დახმარებაა, ზარალს სრულად ავანაზღაურებთ

თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის თქმით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ გაწეულმა დახმარებამ ჯამში 57 800 ლარი შეადგინა. ისნის მაჟორიტარის განმარტებით, 500 ლარი  სპეცოპერაციის დროს დაზარალებულ 8 ოჯახს, ანუ 35 ადამიანს, ერთჯერადად გადაეცემა, ხოლო ზარალს სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს.

ნინო ლაცაბიძე ოპონენტებს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისგან თავის შეკავებას ურჩევს. ცნობისთვის, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 500-ლარიანი დახმარება სწორედ ზარალის ანაზღაურებას ითვალისწინებდა.

"8 ოჯახი გადანაწილებულია სამ სასტუმროში და მათი სასტუმროში ცხოვრების ხარჯები მერის ფონდიდან ფინანსდება. აღნიშნული ოჯახების ქირით გაყვანაზე რაიონის გამგეობა მუშაობს. ხოლო მას შემდეგ, რაც ზარალი დაითვლება, მას მთლიანად სახელმწიფო აანაზღაურებს“,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

თბილისის მერიის განცხადებით, "დახმარებას გაბრიელ სალოსის გამზირის მე-6 შესახვევის, N9 კორპუსის, მესამე სადარბაზოს I-III სართულზე და მეორე სადარბაზოს მეორე სართულზე მცხოვრები 35 მოქალაქე მიიღებს". მერიის 2017 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 17 500 ლარი გამოიყო.

კომენტარები