მრეწველები

მრეწველებზე მორგებული კანონპროექტით თოფაძის პარტიას საბიუჯეტო დაფინანსება ეზრდება

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტი განიხილავს პოლიტიკური პარტიების შესახებ ორგანული კანონში ცვლილებების პროექტს, რომელიც გოგი თოფაძის პარტიას გაზრდილი საბიუჯეტო დაფინანსების მოპოვების საშუალებას აძლევს. სხვადასხვა გათვლებით, კანონის მიღების შემთხვევაში მრეწველების დაფინანსება 760 000 ლარამდე გაიზრდება.

კანონპროექტის ავტორებმა სიმონ ნოზაძემ და გია ჟორჟოლიანმა პროექტი სავარაუდოდ, მრეწველებს მოარგეს. "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" პარლამენტში ერთი დეპუტატით, ხაშურის მაჟორიტარი სიმონ ნოზაძით წარმოდგენილი. მრეწველებმა პროპორციულ არჩევნებში მხოლოდ 13 ათასი ხმა (0.8%) მიიღეს, თუმცა პარტია დღეის მდგომარეობით წელიწადში 536 000 ლარის საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს, ამის მიზეზი არის ის რომ სიმონ ნოზაძეს ქართულმა ოცნებამ საკუთარი დეპუტატებით საპარლამენტო ფრაქცია შეუქმნა, რის შედეგადაც მრეწველებს 300 000-ლარიანი დაფინანსების უფლება მიეცათ. ახალი კანონპროექტში წერია:

"საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით) ან პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით."

რა საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ პოლიტიკური პარტიები:

  • ქართული ოცნება - 2.08 მილიონი ლარი
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 1.2 მილიონი
  • გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - 1 მილიონი
  • ევროპული საქართველოს - 900 ათასი
  • პატრიოტთა ალიანსი - 744 ათასი ლარი 
  • ქრისტიან კონსერვატიული პარტია - 600 ათასი ლარი
  • მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 536 ათასი ლარი
  • თავისუფალი დემოკრატები - 512 ათასი ლარი
  • ლეიბორისტული პარტია - 472 ათასი ლარი
  • დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - 241 ათასი ლარი
  • კონსერვატიული პარტია - 236 ათასი ლარი
  • რესპუბლიკური პარტია - 236 ათასი ლარი
  • ეროვნული ფორუმი - 236 ათასი ლარი
  • სახელმწიფო ხალხისთვის - 195 ათასი ლარი
  • ახალი საქართველო - 195 ათასი ლარი
  • ტრადიციონალისტთა კავშირი - 87 ათასი ლარი
  • თავისუფალი საქართველო - 87 ათასი ლარი
  • თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა - 87 ათასი ლარი
  • ძალოვან ვეტერანთა პოლიტიკური მოძრაობა - 87 ათასი ლარი
  • ახალი ქრისტიან-დემოკრატები - 87 ათასი ლარი

კომენტარები