უსაფრთხოების ნორმების დარვევა საჭესთან

ნასვამ მძღოლს, რომელმაც ავარიისას მეორე მძღოლი იმსხვერპლა, 6 წელი მიუსაჯეს

Getty Images

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნასვამ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში ბრალდებული თ.ზ. დამნაშავედ სცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თ. ზ.-ს მიერ მოძრაობის წესების დარღვევის გამო ავტომობილის მძღოლი, რომელსაც ის დაეჯახა გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი თ.ზ. ქ.ბათუმში, გ.ტაბიძის ქუჩაზე „მერსედესის“ მოდელის ავტომობილს მართავდა, რა დროსაც დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი და „ოპელის“ მოდელის ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „ოპელის“ მძღოლი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. თ.ზ. მიემალა გამოძიებას. 2017 წლის 31 იანვარს თ.ზ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში), აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სამართალდამცველებმა თ.ზ. 2017 წლის 12 ოქტომბერს სარფის საბაჟო საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დააკავეს." - წერია განცხადებაში.

 

კომენტარები