მონეტარული პოლიტიკა

ეროვნული ბანკი ინფლაციის ზრდის შემთხვევაში პოლიტიკის გამკაცრებას არ გამორიცხავს

ტაბულა

"თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ეროვნული ვალუტის კურსი დიდი ხნით იქნება გადახრილი მისი ფუნდამენტური მდგომარეობიდან, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ინფლაციას და ჩვენ ამაზე მოვახდენთ რეაგირებას. მათ შორის, გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

სებ-ის ვიცეპრეზიდენტის თქმით, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება არა ფუნდამენტურმა მაკროეკონომიკურმა ფაქტორებმა, არამედ საბაზრო მოლოდინებმა გამოიწვია. რადგანაც საგადასახდელო ბალანსზე მოქმედ ფაქტორებში, როგორიცაა ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმი წელს ზრდა შეიმჩნევა.

"ფუნდამენტური ფაქტორები არის პოზიტიური. მოლოდინების მხრიდანაა გამოწვეული ეს ქცევა და ჩვენ რასაც ვხედავთ, რომ იმპორტიორებმა, რომლებიც ადრე იანვარ-თებერვალში ყიდულობდნენ ვალუტას, შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან დაიწყეს. ახლა ეს უფრო გააქტიურებულია, რაც ასევე დაკავშირებულია მოლოდინებთან", - ამბობს მესტვირიშვილი.

ქვეყანაში ფასების სტაბილურობაზე (ინფლაციაზე) კონტროლი ეროვნულ ბანკს ეკისრება. ამ მიზნის მისაღწევად ეროვნული ბანკი ბაზარზე ფულის მიწოდების ინსტრუმენტს, რეფინანსირების სესხებს იყენებს. სებ-ი გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების შემთხვევაში კომერციული ბანკებისთვის მისაწოდებელი ლარის რესურსის საპროცენტო განაკვეთს ზრდის, რითიც ეკონომიკაზე ფულის მიწოდებას აძვრებს, რითიც გარკვეული პერიოდის შემდეგ ინფლაციის შემცირებას იწვევს. დღეისთვის რეფინანსირების განაკვეთი 7%-ია.

ოქტომბერში ინფლაციამ 6.4% შეადგინა, რაც სებ-ის სამიზნე 4%-ზე მაღალია.

კომენტარები