საკადრო ცვლილებები

ევროინტეგრაციის სამინისტრო საგარეოს ვიქტორ დოლიძის უცხოეთში ვიზიტისას შეუერთდა

ტაბულა

ევროინტეგრაციის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება. მინისტრის პოსტს ვიცეპრემიერი მიხელ ჯანელიძე დაიკავებს.

"ახალი გამოწვევები, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს, გულისხმობს გაცილებით უფრო ფართო კონტექსტს, რომელიც მთელი ჩვენი საგარეო უწყების პრიორიტეტი და ძირითადი ხაზია. თავისთავად ის, რომ ამ მიმართულებას ვიცე-პრემიერი ფარავს, მიუთითებს ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული შიდა რეფორმების კოორდინაციის აუცილებლობაზე“, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ვიქტორ დოლიძე სერბეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შესაბამისად, პრემიერის სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებების წარდგენას არ დასწრებია. დაიკავებს თუ არა რამე პოსტს ვიქტორ დოლიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჯერჯერობით, უცნობია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის თქმით, "ცოტა ხანს უნდა დაველოდოთ მოვლენებს და აბსოლუტურად ყველაფერს გაიგებთ".

ვიქტორ დოლიძემ თავისუფალი დემოკრატები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. ერთ თვეში კი, ის ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის მინისტრად წარადგინა. 

აღსანიშნავია, რომ ვიქტორ დოლიძე თავისუფალი დემოკრატების წევრობისას, მთავრობას ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხების გამო აკრიტიკებდა. გარდა ამისა, აცხადებდა, რომ "ე.წ კაბელების საქმე პოლიტიკურად შეთითხნილია" და "ის თავიდან ბოლომდე ივანიშვილის დაწყებულია". მინისტრად წარდგენის შემდეგ კი, ის ე.წ კაბელების საქმეზე კომენტარს აღარ აკეთებდა. 

კომენტარები