საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

კობიაშვილი ქართველთა მარშზე: ჩემგან მუხლების დამტვრევის მუქარა არ გაჟღერებულა

ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ქართველთა მარშის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ კობიაშვილი მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, აბსურდულს უწოდებს. 

მისი თქმით, ის 4 ადამიანი, რომელმაც დღეს ბრიფინგი გამართა, საერთოდ არ იმყოფებოდა იმ შეხვედრაზე, რომელზეც ქართველთა მარშის წევრების მტკიცებით, კობიაშვილის მხრიდან მუქარა განხორციელდა. 

"მე მათ არ ვიცნობ და არასოდეს შევხვედრილვარ. გია კორკოტაშვილთან და სანდრო ბრეგაძესთან შეხვედრაზე, ჩემი მხრიდან მსგავსი ტიპის მუქარა (სიცოცხლის მოსპობა, მუხლების დახვრეტა, მიწაში ჩადება და სხვ.) რასაკვირველია, არ გაჟღერებულა, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინების წინააღმდეგი ნებისმიერი ადამიანის მიმართ,"- აცხადებს ფედერაციის პრეზიდენტი. 

ქართველთა მარშის წევრებმა დღეს PrimeTime-ის პრესკლუბში ბრიფინგი გამართეს, სადაც თქვეს, რომ გუშინ ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებთან და დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა ფედერაციის წარმომადგენლებსა და ქართველთა მარშის წევრებს შორის. ასავალ-დასავალის ჟურნალისტისა და ქართველთა მარშის ერთერთი წევრის გიორგი გიგაურის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მარშის მხრიდან შეხვედრაზე მხოლოდ სანდრო ბრეგაძე და გია კორკოტაშვილი იმყოფებოდნენ, კობიაშვილი პირადად მისი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასავალ-დასავალის ჟურნალისტის მტკიცებით, ეს იმით არის გამოწვეული, რომ 1 კვირის წინ "კრიტიკული წერილი" დაწერა გურამ კაშიასა და ფეხბურთის ფედერაციის ირგვლივ მიმდინარე მოვლებებთან დაკავშირებით. 

ამასვე ამტკიცებს ლადო სადღობელაშვილიც, ქართველთა მარშის კიდევ ერთი ლიდერიც, რომლის მტკიცებითაც არსებობს აუდიო-ჩანაწერი, სადაც კობიაშვილი მათ ლიდერებს "წელში დამტვრევით" ემუქრება. 

"ლევან კობიაშვილი დაგვემუქრა და გვითხრა, რომ წელში გადაგვამტრევდა. ჩვენ ამის აუდიოჩანაწერი გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ ლევან კობიაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები ბოდიშს არ მოიხდიან, ხვალ 20:00 საათამდე, შესაბამის ზომებს მივმართავთ. ფეხბურთის ფედერაციის შენობა ლგბტ ფერებში შეიღებება. ასევე მივმართავთ პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება. ჯოჯოხეთი ელის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას,"- განაცხადა სადღობელაშვილმა. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ, "ჰერაკლესის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით 15 ოქტომბერს ითამაშა. ამ ფაქტს ინტერნეტ სივრცეში ნეგატიური გამოხმაურებები მოყვა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების ნაწილისგან. მათ კაშიას ნაკრებიდან მოკვეთაც კი მოითხოვეს.

ფეხბურთელმა მის მიმართ გამოთქმულ ნეგატიურ კომენტარებს რამდენიმე დღეში უპასუხა. ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა კაშიას კითხვა LGBT სამკლაურით თამაშის შესახებ, სწორედ ქართველი გულშემატკივრების გამოხმაურებების გამო დაუსვა. გურამ კაშიამ აღნიშნა, რომ "მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის".

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნეოფაშისტური მოძრაობა ქართველთა მარში აქციების ციკლს აანონსებს.

კომენტარები