არჩევნები 2017

მეჭიაურის შტაბიდან გასული პირების მანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

Facebook.com/Tamaz Mechiauri

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზაცია "ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენლების მანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო. შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მანქანა აფეთქდა - სიმართლეს არ შეესაბამება.

"მანქანა დაიწვა, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები" - აცხადებენ შსს-ში და აღნიშნავენ, რომ სწორედ ექსპერტიზა დაადგენს, რა მიზეზით დაიწვა მანქანა. უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ მანქანის მფლობელები თამაზ მეჭიაურის პარტიის წევრები არ არიან.

თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ჩვენი შტაბიდან გასულმა არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლებმა მახარე სისაურმა და რამაზ ღვალაძემ, რომლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო პროცესებს, გვაცნობეს, რომ მათ ჟინვალის გზაზე თავს დაესხნენ და დაუწვეს მანქანა... პოლიციას შევატყობინეთ... ტერორი დაიწყო?".

ცესკოს მონაცემებით, თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური არჩევნებს აგებს. მას ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა 5 ხმით მას შემდეგ გადაუსწრო, რაც ბათილი ბიულეტენები ვალიდურად ცნეს. იქამდე, თამაზ მეჭიაური 1 ხმით იგებდა. ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი შედეგების გასაჩივრებას აპირებს. ის და მისი მხარდამჭერები ცესკოს მონაცემებს აპროტესტებენ.

კომენტარები