არჩევნები 2017

ეთიკის ქარტია: "იმედი" ნაკლებად აკრიტიკებს ქართულ ოცნებას, არღვევს ეთიკურ პრინციპებს

იმედი

წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის მიხედვით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ყველაზე მეტი დრო პარტია "ქართულ ოცნებას" დაეთმო და ყველაზე დადებითად მთავრობა გაშუქდა, დათმობილი დროის 10%-თ. ყველაზე უარყოფითად მიხეილ სააკაშვილი, დათმობილი დროის 52%-თ. მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი დრო კახა კალაძეს დაეთმო, დადებითი ტონით ელენე ხოშტარია ლიდერობდა, უარყოფითით კი - კახა კუკავა.

მედიამონიტორინგს ეთიკის ქარტია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ატარებს. მონიტორები "იმედზე" მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, 8-საათიან "ქრონიკას" აკვირდებოდნენ.

"სამონიტორინგო პერიოდში "იმედი" ნაკლებად აკრიტიკებდა მმართველ გუნდს, ნაკლებად სწყალობდა მოქმედ პრეზიდენტს, განსაკუთრებით აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას". დაფიქსირდა კონკრეტული შემთხვევები, სადაც "იმედის" საინფორმაციო გამოშვების წამყვანები და ჟურნალისტები ამჟამინდელი და ყოფილი პრეზიდენტების მიმართ არაერთხელ არღვევდნენ ეთიკურ პრინციპებს", - აღნიშნულია მედია მონიტორინგში.

დოკუმენტში კონკრეტული მაგალითებიცაა მოყვანილი.

"იმედი გამოირჩეოდა ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის კრიტიკით, ეს ხშირად ჟურნალისტების მიკერძოებულ ფრაზებშიც გამოიხატებოდა. მაგალითად, უდუმაშვილი ასე წარადგინეს: "პირველი სხდომათა დარბაზში გაბრაზებული თბილისელების, ძალიან გაბრაზებული კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი გამოჩნდა". სააკაშვილის მიმართ კი ამბობდნენ შემდეგ ფრაზებს - "ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ბინადარი", "მორბენალი შოუმენი", "უმისამართო ექსპრეზიდენტი" და ა.შ.", - აღნიშნულია ანგარიშში.

აც შეეხება სხვა ტელევიზიებს, მონიტორინგის მიხედვით, ტვ პირველზე ყველაზე ხშირად პარტია "ქართული ოცნება" გაშუქდა, თუმცა ყველაზე უარყოფითად. მისთვის დათმობილი დროის 24% ნეგატიური იყო. დადებითი ტონით პრემიერ მინისტრი ლიდერობს (5%). მერობის კანდიდატებს შორისაც ყველაზე მეტი დრო ოცნების კანდიდატს დაეთმო და ის ყველაზე უარყოფითად გაშუქდა. ყველაზე დადებითად ზაალ უდუმაშვილი იყო წარმოჩენილი.

ყველაზე მეტი დრო "ქართულ ოცნებას" დაეთმო "ობიექტივის" საინფორმაციო გამოშვებაშიც, თუმცა ყველაზე დადებითად პარტია "პატრიოტთა ალიანსი" გაშუქდა - მისთვის დათმობილი დროის 9% დადებითი ტონი იყო. ყველაზე უარყოფითად, 66%-ით "ნაციონალური მოძრაობა" გააშუქეს. მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე დადებითად "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი, ირმა ინაშვილი გაშუქდა, ყველაზე უარყოფითად კი კახა კალაძე.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის "2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა" ფარგლებში მედიამონიტორინგს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ატარებს.

მონიტორები აკვირდებიან 14 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს - (პრაიმ ტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუებს და საინფორმაციო გამოშვების იმ ნაწილს, სადაც რესპონდენტებთან ათ წუთზე მეტი ქრონომეტრაჟის ინტერვიუს სთავაზობენ მაყურებელს.

მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, პირველი, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25, რიონი, გურჯაანი, გურია, ქვემო ქართლი, თრიალეთი, ოდიში, მეცხრე არხი. სამონიტორინგო ტელევიზიებიდან ხუთი მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს, ცხრა კი - რეგიონებში.  

დღეს გამოქვეყნებული ანგარიში ასახავს 19 ივნისი - 8 ოქტომბრის პერიოდში გასული გადაცემების ანალიზს. 

ტელევიზიების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტები კი არის: ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, კადრებით და მუსიკით მანიპულირება.

კომენტარები