კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

კატალონია არ აკონკრეტებს, გამოაცხადა დამოუკიდებლობა თუ არა

Lluis Gene/AFP/Getty

ესპანეთის მთავრობამ კატალონიის პრეზიდენტს, კარლოს პუჩემონტს გასულ კვირას ოფიციალურად მიმართა, დაეკონკრეტებინა, გამოაცხადა რეგიონმა დამოუკიდებლობა თუ არა. უკანასკნელ ვადად პუჩემონტს ორშაბათი დაუწესეს, თუმცა ესპანეთის პრემიერმინისტრის, მარიანო რახოისათვის გაგზავნილ წერილში პუჩემონტს ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია.

"პოლიტიკური მანდატის შეჩერება, რომელიც პირველი ოქტომბრის რეფერენდუმმა მომცა, აჩვენებს ჩვენს სურვილს, ვნახოთ გამოსავალი და არა დაპირისპირება." - ნათქვამია პუჩემონტის წერილში.

შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს კატალონიაში ჩატარებულ რეფერენდუმში, რომელიც ოფიციალურმა მადრიდიმა არაკონსტიტუციურად სცნო, კატალონიის მოსახლეობის 42-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა და მათმა 90-მა პროცენტმა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

რეგიონის პრეზიდენტმა, კარლოს პუჩემონტმა რეგიონული პარლამენტის წინაშე გამოსვლისას დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი, თუმცა მისი იმპლემენტაცია შეაჩერა იმისათვის, რომ ოფიციალურ მადრიდთან დიალოგი შედგეს. პასუხად ესპანეთის პრემიერმა მარიანო რახოიმ პუჩემონტს მოუწოდა, დაეკონკრეტებინა, გამოაცხადა დამოუკიდებლობა თუ არა. იმ შემთხვევაში, თუ პასუხი დადებითი იქნება, ესპანეთის მთავრობა კატალონიაზე პირდაპირი კონტროლის გავრცელებით იმუქრება.

სავარაუდოდ, ესპანეთის მთავრობა პუჩემონტს კონკრეტული პასუხისათვის ვადას ხუთშაბათამდე გადაუწევს.

კომენტარები