არჩევნები 2017

კალაძე: რეიტინგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დებატებში ზაალ უდუმაშვილს უნდა დავუჯდე

Kakha Kaladze/Fb.com

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის თქმით, "რეიტინგების მიხედვით თუ უნდა ვიმსჯელოთ, მე დებატებში ზაალ უდუმაშვილს უნდა დავუჯდე". კალაძე მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის შეთავაზებას - დებატები გამართონ - კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისივე მტკიცებით, იმას, რომ რეიტინგების მიხედვით, მხოლოდ ენმ-ის კანდიდატთან უნდა გამართოს დებატი, ყველა გამოკითხვა ადასტურებს.

"ფეხბურთს, პოლიტიკასაც, არჩევნებსაც ყველაფერს აქვს წესი. შესაბამისად, როდესაც ის ამბობს, რომ "ვიწვევ დებატებში", რაღაც დაახლოებითი რეიტინგები ხომ არსებობს? ვიღაც კანდიდატს აქვს ეს რეიტინგი, ვიღაც კანდიდატს ის რეიტინგი და ასე შემდეგ. მაშინ, რეიტინგების მიხედვით თუ უნდა ვიმსჯელოთ, მე უნდა დავუჯდე ზაალ უდუმაშვილს, ასე გამოდის. მე პატივს ვცემ ყველა კანდიდატს და არაერთ კანდიდატთან ვაპირებ დაჯდომას. მე მზად ვარ, შვიდივესთან ერთად დავჯდე და გავიაროთ... ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დებატებზე, ვმონაწილეობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მონაწილეობას" - ამბობს კალაძე.

კითხვას, რომელ გამოკითხვას ეყრდნობა რეიტინგებზე საუბრისას, ქართული ოცნების კანდიდატი პასუხობს - "ყველა გამოკითხვებით, რომელიც გინდათ, მათ შორის, ჩვენი შიდა გამოკითხვებით, ყველა გამოკითხვებით, რაც დასტურდება, მაშინ ეგრე უნდა მივუდგეთ, ჰო საკითხს?".

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო (27 ივლისის) კვლევის თანახმად, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, იმ გამოკითხულთა 37%, ვინც სავარაუდოდ არჩევნებზე მივა, ხმას ქართული ოცნების კანდიდატს კახა კალაძეს მისცემდა. მას მოსდევს დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი 22%-ით, მესამე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი (16%), ხოლო მეოთხეზე - ევროპული საქართველოს კანდიდატი ელენე ხოშტარია (5%).

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა კახა კალაძე დებატებში რამდენჯერმე გამოიწვია. მან ქართული ოცნების კანდიდატს "ძირითადი კონკურენტი" უწოდა, რაზეც კალაძემ განაცხადა, რომ მისი მთავარი კონკურენტი არა ელისაშვილი, არამედ, "ის პრობლემები, ის ტკივილი და წუხილია, რომელიც დღეს ქალაქს აწუხებს".

კომენტარები