არჩევნები 2017

შსს: 6 პირი წვრილმანი ხულიგნობის და დამოუმორჩილებლობის მუხლებით დავაკავეთ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის მერიასთან გამართულ ნაციონალური მოძრაობის აქციაზე 6 ადამიანი დააკავა. უწყება თავდაპირველად 3 პირის დაკავებას ადასტურებდა. 

შსს-ის განცხადებით, "აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, რის შედეგადაც, კოსტავას გამზირზე მოძრაობა პარალიზებული აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იმოქმედეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, არაერთგზის მოუწოდეს სამართალდამრღვევებს წესრიგისკენ და გზის საავტომობილო ნაწილის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა აქციის მონაწილეები პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ და სამართლდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს". 

უწყების ცნობით, 6 ადამიანი სწორედ ამის გამო ადმინისტრაციული კოდექსის წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს. 

დღეს აქციაზე მერიის შენობას პოლიციის კორდონი იცავდა. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა, წინააღმდეგობის მიუხედავად, კორდონის გარღვევა სცადეს. მერიაში შესვლის გადაწყვეტილება პარტიამ მას შემდეგ მიიღო, რაც დედაქალაქის მთავრობამ მათ მოთხოვნებსა და შეკითხვებს არ უპასუხა.  

ნაციონალური მოძრაობის წევრები თბლისის საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც პანორამა თბილისის პროექტის ნაწილია, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 1946 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალეს, რათა მშენებლობის ნებართვის გაცემა კანონიერი იყოს. 

კომენტარები