ემირ კუსტურიცა

ცხინვალში ნამყოფი ემირ კუსტურიცას თბილისში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო

ИА Осинформ

ემირ კუსტურიცას თბილისში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო. ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორმა ლელა ასლანიკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ასლანიკაშვილის თქმით, მან არ იცოდა, რომ კუსტურიცას საქართველოში ჩამოყვანა კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა. 

"მას შემდეგ, რაც ჩვენი კომპანიის მიერ ორგანიზებულმა გორან ბრეგოვიჩის კონცერტმა ბლექ სი არენაზე სრული ანშლაგით ჩაიარა, ლოგიკურად დაიბადა იდეა ჩამოგვეყანა გენიალური რეჟისორი და მუსიკოსი, ემირ კუსტურიცა თავისი მუსიკალური ჯგუფით, რომელიც ბოლო წლების ყველაზე მოთხოვნადი საგასტროლო ჯგუფია ევროპაში. იდეის ხორცშესასხმელად კიდევ ერთი, სკანდალური მიზეზი გაგვიჩნდა, როცა კუსტურიცამ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის სისხლში, სერბულთან ერთად, იბერიული სისხლიც აღმოჩნდა, რაც დნმ-ის ანალიზმაც დაადასტურა. სამწუხაროდ, უკანასკნელ დღეებამდე, ჩვენთვის ცნობილი არ იყო 2009 წელს ცხინვალის რეგიონში მისი ვიზიტის შესახებ. უდავოა, რომ, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე, მისი ჩამოსვლა საქართველოში, გარკვეული იურიდიული საკითხების დაზუსტებას მოითხოვს. შესაბამისად, "არტ მედია გრუპი" იწყებს ამ საკითხზე კონსულტაციებს და გაყიდვებიდან ხსნის კონცერტს სიტუაციის გარკვევამდე", - თქვა ლელა ასლანიკაშვილმა. 

ემირ კუსტირიცას კონცერტის გამართვა სპორტის სასახლეში 8 დეკემბერს იყო დაგეგმილი. კონცერტის ბილეთები ონლაინ ჯერაც იყიდება. 

სერბი რეჟისორი და მუსიკოსი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა 2009 წელს იმყოფებოდა. სეპარატისტული რეგიონის მედიის ცნობით, ის 2008 წლის აგვისტოს ომზე ფილმის გადაღებას გეგმავდა და მასალებს აგროვებდა. 

საქართველოს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა სხვა საშუალებით შესვლა აკრძალულია და სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. თუმცა, შსს-მ საქართველოში მაისში, მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ვიზიტისას განმარტა, ოკუპაციის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ხანდაზმულობის ვადა 6 წელია. კუსტურიცა კი ცხინვალში 8 წლის წინ იყო.

კომენტარები