სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატები

ევროსასამართლოში საქართველოდან ასარჩევ მოსამართლეებს 29 სექტემბერს გაესაუბრებიან

Newsweek

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლადო ჭანტურიას, ლალი ფაფიაშვილსა და ოთარ სიჭინავას კომიტეტის წევრები 29 სექტემბერს გაესუბრებიან.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გასაუბრება სამეტაპიანი კონკურსის მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე საქართველოში შიდა შესარჩევი კონკურსი ჩატარდა, რომლის შედეგადაც, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაგზავნი მოსამართლის სამი კანდიდატი წარადგინა. ისინი სტრასბურგმა კვალიფიციურ კანდიდატებად ცნო. ამით საქართველოში შიდა შესარჩევი პროცედურები დასრულდა. 

კონკურსის მეორე ეტაპზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის წევრები გასაუბრებისას ერთ ან ორ კანდიდატს შეარჩევენ. კომიტეტის წევრების მიერ შერჩეულ კანდიდატს ან კანდიდატებს კენჭს მესამე ეტაპზე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უყრიან, რის შემდეგაც საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 9 წლის ვადით არჩეული ახალი მოსამართლე ეყოლება.

ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა იუსტიციის სამინისტრომ კანდიდატებად მესამედ გამოცხადებული კონკურსით შეარჩია. წინა ორ შემთხვევაში, ლადო ჭანტურიას გარდა, სტრასბურგის ექსპერტთა საბჭომ, სხვადასხვა მიზეზით, ყველა წარდგენილი კანდიდატი დაიწუნა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილიც და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავაც ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ და კონტროვერსიულ საქმეებთან არიან დაკავშირებული - გიგი უგულავასა და კაბელების საქმის მონაწილეების, ასევე რუსთავი 2-ის საკონსტიტუციო სარჩელებთან. ფაფიაშვილს და სიჭინავას განხილვის განგებ გაჭიანურებაში ადანაშაულებდნენ. მათი არდასწრების გამო, სხდომებზე კვორუმიც ვერ ივსებოდა.

კომენტარები