არჩევნები 2017

კალაძე: მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციებს დააფინანსებს

Kakha Kaladze/Fb.com

ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჯანდაცვის პროგრამის კონცეფცია წარადგინა. მერობის კანდიდატის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციებს დააფინანსებს.

"ეს ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. თქვენ იცით, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა და გადავწყვიტეთ, რომ ის ადამიანები, ვისაც ეს ესაჭიროება, თბილისის მერიამ, მუნიციპალიტეტმა დააფინანსოს" - განაცხადა კახა კალაძემ.

ღვიძლის ტრანსპლანტაცია ძვირადღირებული და რთულად შესასრულებელ ოპერაციათა ჩამონათვალში პირველ ადგილზეა. დღეს საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას ორ კლინიკაში აკეთებენ - "ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალსა" და "ავერსში". ამ უკანასკნელში აღნიშნული ოპერაციის ფასი დაახლოებით 111 800 ლარს შეადგენს, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში კი ღირებულება $50 000 აშშ დოლარის ექვივალენტია ლარში.

კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ქალაქს მისი არჩევის შემთხვევაში 70 ახალი სასწრაფო დაემატება, რაზეც 30 მილიონი დაიხარჯება.

"ვაპირებთ ავტოპარკის განახლებას და 70 ახალი სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოყვანას, რომელსაც ექნება პორტატული კომპიუტერი და ახალი საკომუნიკაციო სისტემა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოპერატიულობის გაზრდა. ეს პროექტი დაახლოებით 30 მილიონი ლარით დაფინანსდება" - განაცხადა კახა კალაძემ.

ოცნების მერობის კანდიდატის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამების ადმინისტრირება სრულად ელექტრონულ მართვაზე გადავა და შემცირდება დაფინანსების მიღებისთვის საჭირო მოცდის პერიოდი.

"ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ სპეციალური ვებ-პლატფორმა, რომლითაც ადამიანი სახლიდან გაუსვლელად ისარგებლებს. დღეს ინტერნეტთან ყველას მიუწვდება ხელი და შესაბამისად, შეუძლია მიწეროს კონკრეტულ ვებგვერდზე, რომელიც იქნება შექმნილი და შესაბამისად, რამდენიმე სააათში მიიღებს პასუხს", - ამბობს კალაძე.

კალაძის ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაციას მთავრობის წევრებიდან დავით სერგეენკო ესწრებოდა.

კომენტარები