არჩევნები 2017

ცესკო: გარდაბნის შემდეგ, ამჯერად ოზურგეთის საარჩევნო კომისიის შენობა დააზიანეს

ცესკო
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, გარდაბნის შემდეგ ამჯერად ქ. ოზურგეთის #6 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში შემტვრეულია კარები, დაზიანებულია ინვენტარი და ჩამოხეულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია (კედლის სია). მათივე ცნობით, შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. 

ადგილზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. 

ცესკო აცხადებს, რომ აღნიშნული ინციდენტი არ იქონიებს ზეგავლენას საუბნო საარჩევნო კომისიის ყოველდღიურ საქმიანობაზე.

"დაზიანებული კედლის სია განკუთვნილია ამომრჩევლებისთვის, რომ მათ საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ; საარჩევნო ადმინისტრაცია უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსიის ხელახლა განთავსებას კომისიაში და მოქალაქეები კვლავ შეუფერხებლად შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას,"- წერია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა ორი დღის წინ გარდაბნის #31 საუბნო საარჩევნო კომისიაშიც დაფიქსირდა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ისინი გმობენ მომხდარ ფაქტს და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ "დროული და ეფექტური რეაგირებისკენ". 

ამასთან მოძრაობა მიმართავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება და მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს, რათა შეიმუშავონ პრევენციული ზომები მომავალში მსგავსი ქმედებების ჩადენის მცდელობების აღკვეთის მიზნით. 

"მრავალეროვანი საქართველო მიესალმება ცესკოს მხრიდან უმოკლეს ვადებში  ზემოხსენებულ ოლქების შესაბამისი საარჩევნო უბნების კომისიების ამომრჩეველთა სიებით უზრუნველყოფას, რითაც უბნებზე მისულ ამომრჩევლებს ხელი არ შეშლიათ თავიანთი საარჩევნო უფლების - ამორჩევლეთა სიებში მონაცემების გადამოწმების განხორციელებაში,"- წერია მოძრაობის განცხადებაში. 

საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.

კომენტარები