არჩევნები 2017

ევროპული საქართველო: ხობში ჩვენს მაჟორიტარობის კანდიდატს თავს დაესხნენ

ოპოზიციური პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ დღეს საღამოს ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნინო ჭანტურიასა და მამამისს ჯემა ჭანტურია უცნობი პირები დაესხნენ თავს. 

მათივე განცხადებით, თავდამსხმელებმა ორივე მათგანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კამპანიის შეწყვეტა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მორიგი ძალადობით დაემუქრნენ. 

პარტია წერს, რომ სოფელ ქვალონში ევროპული საქართველოს ყველა პლაკატია ჩამოხეული. 

"ამ ტიპის ძალადობა შედეგია ხელისუფლების მრავალწლიანი პრაქტიკის, როცა მოძალადეებს დასჯის მაგივრად ახალისებენ, ხოლო პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდებიან. ევროპული საქართველო მიმართავს ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას რეაგირებისთვის. ამ ტიპის დანაშაულის დაუსჯელობა მხოლოდ იმის ნიშანი იქნება, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანის წარმართვას სწორედი ასეთი გზით გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ეს თავდასხმა სწორედ იმ დღეს მოხდა, როცა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალური განკარგულება გამოსცა წინასაარჩევნოდ ძალადობის აღსაკვეთად,"- წერს ევროპული საქართველო. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხს არკვევენ. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები