არჩევნები 2017

პარტიული საარჩევნო სიების ცესკო-ში წარდგენის ვადა დღეს იწურება

ცესკო
ცესკო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თვითმმართველობის არჩევნებისათვის, პარტიული საარჩევნო სიების წარდგენის ვადა დღეს იწურება. პარტიებს სიების შეტანა ცესკო-ში დღეს საღამოს 6 საათამდე შეეძლებათ.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის სია 5 პარტიას აქვს შეტანილი და ესენია: „პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა“, „ზვიადის გზა უფლის სახელით“, „მშრომელთა სოციალისტური პარტია“,  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „რესპუბლიკური პარტია".

„ხუთ პარტიას აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი თავისი პარტიული სიები, კანონმდებლობის მიხედვით, ბოლო ვადა არის დღევანდელი დღე, 6 საათამდე. შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტებს შესაბამისი სიების, მაჟორიტარი კანდიდატებისა და ასევე მერობის კანდიდატების წარმოდგენის ბოლო ვადა აქვთ. რაც შეეხება ამ 5 პარტიას, მათ წარმოადგინეს სიები და მიმდინარეობს ის პროცედურები, რაც არის კანონმდებლობით გაწერილი,“ - ამბობს ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე რუსთავი ორთან საუბრისას.

საარჩევნო სიების წარდგენის შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორდღიანი ვადა აქვს სიაში შეყვანილი კანდიდატების მონაცემების გადასამოწმებლად.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთის ცესკოს მიერ რეგისტრირებულია 30 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 24 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი.

კომენტარები