პოლიტიკური აგიტაცია სკოლაში

აჭარის განათლების მინისტრი: შუახევის სკოლის პრეცედენტი კანონიდან გადაცდომაა

აჭარის ა/რ განათლების სამინისტრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლაში პარტიული დროშები კანონიდან გადაცდომაა. ასე ეხმაურება ინგა შამილიშვილი სხეფის სკოლის მასწავლებლის მიერ გავრცელებულ ფოტოს, სადაც ბავშვებს ხელში "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ.

"სკოლა არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, ზოგადი განათლების შესახებ კანონში ეს არის ცალსახად დაფიქსირებული. მსგავსი პრეცედენტები რა თქმა უნდა არის გადაცდომა კანონიდან. მიმდინარეობს მოკვლევა, თავდაპირველად დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს, შემდეგ ჩვენ ჩავერთვებით და რეაგირებაც აუცილებლად იქნება. აქ ბევრი ნიუნსია გასათვალისწინებელი, გამოსაკვლევი. ეს არ იქნება მხოლოდ ზედაპირული მოკვლევა. ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა მიმართულებით, ყველა ნიუანსი გავითვალისწინოთ. სამინისტრო უკვე ჩართულია ამ პროცესში, უბრალოდ, კანონით გათვალისწინებული პირველი ეტაპი არის დისციპლინური კომისიის მსჯელობა, შემდეგ რეაგირება სამინისტროს მხრიდან", - აცხადებს შამილიშვილი.

შუახევის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა, მარინე დარჩიძემ სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად ფეისბუქზე ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ჩანს, რომ პირველი კლასის მოსწავლეებს ხელში "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ.

შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტის უფროსი ვარაუდობს, რომ სხეფის სკოლის მოსწავლეებმა დროშები სკოლაში თავად მიიტანეს.

სხეფის სკოლის დირექტორის ინფორმაცით, სკოლაში "ქართული ოცნების" დროშები მასწავლებელს არ მიუტანია. ოთარ დავითაძე ტაბულასთან ამბობს, რომ სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა ამ საკითხზე უკვე იმსჯელა და გადაწყვეტილება 4-5 დღეში იქნება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ფაქტი უხეში დარღვევაა, თუმცა ენმ-ს "ამ თემაზე სალაპარაკო ნამდვილად არ აქვს".

ზოგადი განათლების შესახებ საქართველო კანონის მიხედვით, "დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება".

კომენტარები