პოლიტიკური აგიტაცია სკოლაში

შუახევის რესურსცენტრის უფროსი: არ ვიცი საიდან მოიტანეს ბავშვებმა დროშები

ტაბულა

შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტის უფროსი ვარაუდობს, რომ სხეფის სკოლის მოსწავლეებმა "ქართული ოცნების" დროშები სკოლაში თავად მიიტანეს.

ამის შესახებ ედუარდ გოგრაჭაძემ აჭარის ტელევიზიას განუცხადა.

"გვქონდა სკოლის ხელმძღვანელობასთან საუბარი ამის შესახებ. რა მოხდა და როგორ იყო და რა სიტუაცია იყო, ამას დაწვრილებით გაარკვევენ სკოლაში. სკოლაში არის დისციპლინური კომიტეტი, სკოლას ჰყავს დირექტორი. საკითხი განსახილველად გადაეცემა როგრც წესი და რიგია დისციპლინურ კომიტეტს და ის მიიღებს კანონთან შესაბამის გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ბავშებმა არ ვიცი სად იშოვეს [დროშები] და საიდან მოიტანეს, უბრალოდ, დაუფიქრებელი შემთხვევა მოხდა და მასწავლებლებმა ვერ გაითვალისწინეს", - აცხადებს გოგრაჭაძე.

აჭარის ა/რ განათლების სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მინისტრი დღის განმავლობაში აუცილებლად გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, ასეთ შემთხვევებში თავდაპირველად რეაგირება უნდა მოახდინოს სკოლის დირექტორმა დისციპლინურ კომიტეტთან ერთად, შემდეგ კი განათლების სამინისტრომ.

შუახევის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა, მარინე დარჩიძემ სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად ფეისბუქზე ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ჩანს, რომ პირველი კლასის მოსწავლეებს ხელში "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ.

კომენტარები