არჩევნები 2017

კალაძე კორპუსის მშენებლობაზე: შემეძლო და ვიყიდე მიწა, $6 მილიონი მქონდა ხელფასი

facebook.com/kakhakaladzeofficial

მერობის კანდიდატი, რომლის დაპირებაც "ურბანული გენოციდის დასრულებაა" ჩართულია გარიგებებში, რომლის შედეგადაც საბურთალოს რაიონში კორპუსები შენდება. ამ კორპუსებში ჯამში 236 ბინა იქნება განთავსებული. კალაძემ ოცნების მაჟორიტარის კომპანია "არქი ჯგუფს" მიყიდა ორი მიწის ნაკვეთი, სადაც ახლა 22 და 8 სართულიანი კორპუსები შენდება. ტაბულასთან საუბარში მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მას მაღალი შემოსავლები ჰქონდა, რის გამოც მას მიწის ყიდვა შეეძლო.

"ჩემი საკუთარი მიწა მივყიდე არქი ჯგუფს, რომელზეც იყო აშენებული რესტორანი 2007-ში თუ 2006-ში ვიყიდე მე ეს მიწა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მხოლოდ ეს მიწა იქნა ჩემ მიერ გასხვისებული, მე არავისთვის ფული არ მომიპარავს, ბიუჯეტი არ გამიძარცვია, ეს იყო ჩემი შემოსავლებით. მე ვიყავი მილანის ფეხბურთელი, მაღალანაზღაურებადი. მაგასაც არ დაგიმალავთ $6 მილიონი მქონდა ხელფასი, რაღაცეები შემეძლო, რომ გამეკეთებინა, ვიყიდე და გავასხვისე აქ არანაირი პრობლემა არ არსებობს, და მეორე რომელ ნაკვეთზეც საუბრობთ ეს არ ვიცი, ანუ რაღაცას იტყუებით. 

ნებართვა მე არ მომიპოვებია, მინდობილობა მქონდა მიცემული არქი ჯგუფზე და არქი ჯგუფმა გააკეთა პროექტი და კოეფიციენტების შესყიდვაც", - ტაბულას პასუხობს კალაძე. 

ნუცუბიძეზე 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობა 
7-სართულიანი კორპუსი ნუცუბიძეზე
ფოტო: archi.ge

მოკლე აღწერილობა: კორპუსში სულ 8 სართული და 12 ბინაა. პროექტის საერთო ფართი 1900კვ.მ–ს შეადგენს.

კალაძემ 8 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მერიისგან იქ მიიღო, სადაც კანონით დასაშვები მაქსიმუმი 3 სართულია. წარმოგიდგენთ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების მიერ მომზადებულ მასალას:

კალაძემ 2011 წელს თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, 271 კვ.მ. მიწა 229,000 აშშ დოლარად შეიძინა. 2015 წლის ივნისში კი მერიას დემონტაჟისა და ახალი, მრავალფუნქციური, 10 სართულიანი კომპლექსის მშენებლობის ნებართვის მისაღებად თავად მიმართა. თუმცა, კალაძის ნაცვლად მის ინტერესებს “არქი ჯგუფის” თანამშრომელი ლაშა ბოკუჩავა წარმოადგენდა, რომელსაც მაშნდელმა ენერგეტიკის მინისტრმა მინდობილობა განუსაზღვრელი ვადით მისცა. 

კალაძის წარმომადგენელი, ლაშა ბოკუჩავა მერიას სთხოვდა მშენებლობის ნებართვასთან ერთად ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების (შენობის სიმაღლის) გაზრდას, ვინაიდან ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთზე კანონის მიხედვით, მაქსიმუმ, სამი სართულის მშენებლობა იყო დაშვებული.

2015 წლის 30 ივლისს თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ პარამეტრების გაზრდას მხარი არ დაუჭირა. საბჭოს ცხრა წევრიდან რვამ პროექტი უარყოფითად შეაფასა, მიზეზად კი ნაკვეთის სიმცირესა და მრავალბინიანი სახლის მშენებლობისთვის შეუსაბამობას ასახელებდნენ. 

20 დღის შემდეგ საბჭოს იგივე შემადგენლობა კვლავ შეიკრიბა და კალაძის მოთხოვნა თავიდან განიხილა, ოღონდ, ამჯერად კალაძე 10 სართულიანი შენობის ნაცვლად 8 სართულის აშენებას ითხოვდა. ახლა კი საბჭომ პარამეტრების გაზრდას მხარი დაუჭირა. 20 აგვისტოს გამართულ სხდომას დიმიტრი ქუმსიშვილი (იმ დროს თბილისის ვიცე-მერი, ახლა კი ფინანსთა მინისტრი) ხელმძღვანელობდა. წევრებს შორის ირაკლი მურღულიაც იყო, რომელიც ამჟამად “არქი ჯგუფის” ერთ-ერთი პროექტის არქიტექტორიცაა.

საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ პარამეტრების გაზრდის სანაცვლოდ კალაძეს ბიუჯეტში 104,425 ლარი უნდა გადაეხადა. საბჭოს თანხმობის შემდეგ ყოფილმა მინისტრმა მშენებლობის ნებართვა 2015 წლის მიწურულს მოიპოვა.

კალაძემ შპს “არქი ნუცუბიძეს” ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე 271 კვ.მ. მიწა 2016 წლის 30 ნოემბერს 38 ათას ლარად მიჰყიდა. მაშინ, როცა ამ ქონების შეძენა და სამშენებლო ნებართვის მოპოვება მას 491 ათას ლარი, თითქმის 13-ჯერ მეტი დაუჯდა.

მინდელის ქუჩაზე 22-სართულიანი კორპუსის მშენებლობა

22-სართულიანი კორპუსი მინდელის ქუჩაზე
ფოტო: archi.ge

მოკლე აღწერილობა: პროექტში სულ 22 სართული და 217 ბინაა. პროექტის საერთო ფართი 21.454 კვ.მ–ს შეადგენს.

საბურთალოზე, მინდელის ქუჩაზე მდებარე 10,688 კვ.მ. მიწით შპს “არქი საბურთალო” 2016 წლის 18 ოქტომბერს დაინტერესდა. შალვა კოხრეიძემ, “არქი ჯგუფის” წარმომადგენელმა ტერიტორიის განაშენიანების გეგმის მომზადების მიზნით თბილისის მერიას მიმართა. ამ დროს მიწა სახელმწიფოს საკუთრება იყო.

4 თვით ადრე, 2016 წლის მაისში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ამ მიწის ღირებულების დადგენა თხოვა. ბიუროს მიერ ჩატარებული აუდიტის მიხედვით, 2016 წლის 25 მაისისთვის მიწის ღირებულება 4.6 მილიონ ლარი იყო.

მას შემდეგ რაც სახელმწიფომ მინდელის ქუჩაზე არსებული ქონება შეაფასა, კალაძის დაფუძნებულმა “უშბა დეველოპმენტმაც” სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დიღომში, საქალაქო სასამართლოსთან მდებარე ქონების შეფასება დაუკვეთა. მიწის ორი ნაკვეთი კალაძემ 2006 წელს 195,369 ლარად შეიძინა, 2007 წელს კი კომპანიას გადასცა. 90-ანი წლებიდან დღემდე ამ ტერიტორიაზე, ძველი სასტუმროს შენობაში აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. სამხარაულის ბიუროს 2016 წლის 5 აგვისტოს დასკვნის თანახმად, “უშბა დეველოპმენტის” საკუთრებაც 4.6 მილიონ ლარად შეფასდა.

ქონების ღირებულების დადგენის შემდეგ მიწის გადაცემის პროცესში პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ჩაერთო. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 16 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას. ამ გადაწყვეტილებით კალაძესთან დაკავშირებულ სს “უშბა დეველოპმენტს” მთავრობამ თბილისში, საბურთალოზე მდებარე 10,688 კვ.მ. მიწა დიღომში არსებულ 6,426 კვ.მ. მიწასა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებში (საერთო ფართი 3,223 კვ.მ.) გაუცვალა.

ამ ორი უძრავი ქონების ფასებს შორის სხვაობა, 23,350 ლარი, “უშბა დეველოპმენტს” ხაზინის ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა.

სააქციო საზოგადოება (სს) “უშბა დეველოპმენტს” 2013 წლამდე სს “კალა დეველოპმენტი” ერქვა. კომპანია უძრავი ქონების განვითარების მიზნით კალაძემ 2007 წელს დააფუძნა. ორი წლის განმავლობაში კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კალაძესთან ერთად მაიკ ზოი და ზურაბ ნოღაიდელი იყვნენ. ზოი რუსულ-ამერიკული წარმოშობის მილიონერია, რომელიც ფულს ენერგეტიკაში, კომერციულ ბანკებსა და ფორმულა 1-ის მარკეტინგში აბანდებს.

2009 წელს კალაძის გადაწყვეტილებით ზოი და ნოღაიდელი მისმა სიმამრმა, ბადრი არეშიძემ და მამამ, კარლო კალაძემ შეცვალეს.

2007 წლის 9 ნოემბერს კალაძემ კვიპროსში რეგისტრირებულ Webion Investments Limited-სგან 6.2 მლნ ევრო ისესხა. 2013 წლის სექტემბერში კალაძემ სესხის დაბრუნების სანაცვლოდ სს “კალა დეველოპმენტის” 100 პროცენტი Webion Investments Limited-ს გადასცა. რის შემდეგაც სს “კალა კაპიტალს” “უშბა დეველოპმენტი” ეწოდა. კომპანიის დირექტორები დღეს კვიპროსის მოქალაქე ჯორჯ ათანასიუ და ილია კეჭაყმაძე არიან. კეჭაყმაძე შპს “კალა კაპიტალის” დირექტორიცაა, რომელსაც კახა კალაძე ფლობს.

Webion Investments Limited-ის საბოლოო მფლობელი კომპანია Asoted Services Limited-ია. კომპანიის წილის ნახევარ-ნახევარი კვიპროსის მოქალაქეებს, ნესტორ და ევანგელია ნესტოროსებს ეკუთვნით. Asoted Services Limited კვიპროსში ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებას ეწევა.

სს “უშბა დეველოპმენტმა” სახელმწიფოსთან გარიგებით მიღებული ქონება 5 დღეში შპს “არქი საბურთალოს” 4.6 მილიონ ლარად მიყიდა და სხვაობის გადახდის ვალდებულებაც მას გადაულოცა.

კომენტარები