ეთიკის ქარტია

ხობის N2 სკოლის დირექტორი "ასავალ-დასავალს" ეთიკის ქარტიაში უჩივის

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად ცნო ხობის რაიონის N 2 საჯარო სკოლის დირექტორის, ნანა ქვარაიას განცხადება, გაზეთ “ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ.

დავა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ხობის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა თანასწორობისა და ტოლერანტობის შესახებ გადაღებული ვიდეომიმართვა გაავრცელეს. ვიდეოს გავრცელებას გაზეთი “ასავალ-დასავალი“ შემდეგი სტატიებით გამოეხმაურა: “ეს მოხდა ხობის N2 ე.წ. მომავლის სკოლაში, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა გახსნა“ და "ხობის N2 სკოლაში ლგბტ კლიპთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება“.

გაზეთმა განათლების მინისტრისგან სკოლის დირექტორის, ნანა ქვარაიას გადაყენება მოითხოვა და კლიპში მონაწილე ბავშვების ფოტოები გამოაქვეყნა.

ნანა ქვარაიამ ჟურნალისტური ეთიქის ქარტიას მიმართა და განაცხადა, რომ “სტატიებში დასახელებული ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს და აღნიშნული ინფორმაცია მიწოდებულია არასაიმედო წყაროს მიერ. ასევე, ორივე შემთხვევაში გამოქვეყნებულია არასრულწლოვანი ბავშვების სურათები მშობლების თანხმობის გარეშე. მათი სურათების გამოქვეყნება მიზნად ისახავს ამ ბავშვების დისკრედიტაციას და სახოგადოების მიერ მათ გაკიცხვას.“

შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: 1 (სიზუსტე), 3 (დადასტურებული წყარო), 4 ( ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), 7 (დისკრიმინაცია), 8 (ბავშვის ინტერესები).

ტოლერანტობის შესახებ ვიდეო ხობის N2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა რამდენიმე თვის წინ გადაიღეს. ვიდეო facebook-ში ფაშისტურმა გვერდმა გაიზიარა და მოსწავლეები "პედოფილიაში" დაადანაშაულა. მასალა გაზეთმა ასავალ-დასავალმაც მოამზადა. ამ დროისთვის, კლიპი აღარ იძებნება. გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა ვიდეო ბულინგის და უარყოფითი გამოხმაურებების გამო წაშალეს.

 

კომენტარები