ხელის შეშლის გამო, ქაცარავას და სხვა მოხალისეებს ბორჯომის ტყის დატოვება მოსთხოვეს

Giorgi Kvirikashvili/fb.com

ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტს დავით ქაცარავას და სხვა მოხალისეებს, პოლიციამ ბორჯომის ტყის დატოვება მოსთხოვა. სამართალდამცველებმა მათ უთხრეს, რომ მეხანძრე-მაშველებს ხელს უშლიან. დავით ქაცარავამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მოხალისეები მზად იყვნენ, ადგილზე ბოლომდე ემუშავათ.

"აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენ ხელს ვუშლით სპეცსამსახურებს და ჩვენ გვიწევს ამ ადგილის დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ აი, ეს ფერდობი, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ჩვენი გაწმენდილია. მეორე ფერდობზე მუშაობდა სახანძრო ქვედანაყოფები. 

ამოვიდა პოლიცია და გვითხრა, უნდა წახვიდეთო... ჩვენ ამ ადგილს ვტოვებთ, მზად ვიყავით, გვემუშავა ბოლომდე, მაგრამ გარემოებებიდან გამომდინარე, გვიწევს ამ ადგილის დატოვება, ვემორჩილებით მოთხოვნებს, კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ, ამიტომ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე გავდივართ ამ ტერიტორიიდან, რომლის კიდევ ერთხელ გადაკონტროლება გვინდოდა და რომელიც კარგად გვაქვს შესწავლილი" - ამბობს ქაცარავა.

რამდენიმე დღის წინ, საგანგებო შტაბმა, პრეზიდენტმა და პრემიერმა მოხალისეებს მოუწოდეს, თავი შეეკავებინათ "თვითნებური გადაწყვეტილებებისგან". პრემიერის თქმით, ბორჯომის ხეობაში მოხალისეთა მობილიზების საჭიროება არ იყო, რადგან სტიქიის ზონაში სპეციფიკური სამუშაოა. 

საგანგებო შტაბის განცხადებითაც, "ამ დროისათვის არ არსებობს მოხალისეების ჩართვის არანაირი აუცილებლობა. უფრო მეტიც, ნებისმიერი გარეშე პირის ხანძრის მიმდებარე პერიმეტრზე გამოჩენა ხელს შეუშლის მეხანძრეების, მაშველების და შესაბამისი უწყებების მიერ მობილიზირებული ცოცხალის ძალისა თუ ტექნიკის მუშაობას".

ბორჯომში ხანძარი კვირას გაჩნდა. ორშაბათს ვრცელდებოდა ინფორმაცია ხანძრის ლოკალიზების შესახებ, თუმცა ღამით ხანძარი გაძლიერდა და ახალი ტერიტორიები მოიცვა. ხანძარის ფართობი მინიმუმ 15 ჰექტარია. 

ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 6 ვერტმფრენი, 1 სახანძრო თვითმფრინავი, ათეულობით მძიმე ტექნიკა და 1500-მდე ცოცხალი ძალაა ჩართული.

კომენტარები