ქარის გამო, ბორჯომის ხეობაში ცეცხლის რამდენიმე კერა ისევ გააქტიურდა

გარემოს დაცვის სამინისტრო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილი ქარის გამო ცეცხლის რამდენიმე კერა კვლავ გააქტიურდა. მათივე ინფორმაციით, სტიქიის ზონაში საჰაერო ტექნიკა დაბნელებამდე იმუშავებს და მაქსიმალური ინტენსივობით მოხდება წყლის დაფრქვევა.

"ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილი ქარის გამო, რამდენიმე ადგილას კვლავ გაჩნდა ცეცხლი. მინისტრებმა ზურაბ ალავიძემ და ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსთან - ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, ვერტმფრენით დაათვალიერეს სტიქიის ზონა, დააფიქსირეს კერების ზუსტი მდებარეობა და დასახეს სამოქმედო გეგმა" - აცხადებს სამინისტრო.

შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის თქმით, "ქარის გარეშე, დაახლოებით სამი სააათით მუშაობის საშუალება მოგვეცა". მისი ინფორმაციით, "ასეთი ძლიერი ქარი არც გუშინ და არც გუშინწინ ყოფილა, რაც ძალიან ართულებს ხანძრის ქრობის პროცესს".

ამ დროისთვის, ბორჯომის ხეობაში 6 ვერტმფრენი, ათეულობით მძიმე ტექნიკა და რამდენიმე ასეული მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და ბელარუსიდან გამოგზავნილი ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

კომენტარები