ალავიძე: დღეს გაცილებით უკეთ მობილიზებულები ვართ, გამოცდილებაც მეტი გვაქვს

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის თქმით, ბორჯომის ხეობაში ყველაზე რთული პერიოდი შუადღეს იქნება.

"ხანძარი ბოლომდე არ ჩამქრალა, პრობლემატური პერიოდი გვექნება შუადღეს, თუ ორი დღის გამოცდილებას გავითვალისწინებთ, რომ ქარი იცის ამ პერიოდში და ქარმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი, თუმცა, დღეს გაცილებით უკეთ მობილიზებულები ვართ, გამოცდილებაც მეტი გვაქვს, როგორ მივხედოთ ამ პროცესებს და ამიტომ, დავაკვირდეთ მოვლენებს... ვმუშაობთ, პრემიერმინისტრი, მთავრობის ყველა წევრი უკლებლივ, ვინც გუშინ და გუშინწინ ვიყავით, იმყოფება ადგილზე, კოორდინირებულად ვმუშაობთ, განაწილებულები ვართ, ყველა სტრუქტურას თავისი დავალებები აქვს მიცემული" - თქვა მინისტრმა.

ბორჯომის ხეობაში ხანძარი კვირას გაჩნდა. ორშაბათს ვრცელდებოდა ინფორმაცია ხანძრის ლოკალიზების შესახებ, თუმცა ღამით ხანძარი გაძლიერდა და ახალი ტერიტორიები მოიცვა. ხანძრის ჩასაქრობად ხუთი ვერტმფრენი მუშაობს. კიდევ ელოდებიან თურქეთის სახანძრო თვითმფრინავს და ბელარუსის გამოგზავნილ ვერტმფრენს, რომელიც სტიქიის ზონაში რამდენიმე საათში ჩავა.

კომენტარები