შარლოტსვილი

შარლოტსვილის ნაცისტურ მსვლელობაში მონაწილე ბიჭის მამა ემოციურ წერილს აქვეყნებს

აშშ-ის შტატ ვირჯინიის პატარა ქალაქი შარლოტსვილი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველა საერთაშორისო მედიის ფოკუსშია მოქცეული. 11 აგვისტოს ნაცისტური მარშის გამართვის შემდეგ, ქალაქმა მედიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია. რასისტული აქციის მონაწილის პიტერ ტეფტის მამამ საზოგადოებას ღია წერილით მიმართა და შვილის საქციელი დაგმო. 

პირს ტეფტი წერს, რომ შვილს სახლში აღარ მიიღებს, სანამ ის არ გადაიაზრებს თავის სიძულვილს. გთავაზობთ ემოციურ წერილს, რომელიც 14 აგვისტოს გავრცელდა.

"მე პირს ტეფტი ვარ და მე თქვენ ყველას ჩემი უმცროსი შვილის პიტერ ტეფტის გამო გწერთ, რომელიც აღიარებული ნაციონალისტია და ბოლო დღეებში არაერთ მედიაში გაშუქდა. პარასკევს ღამით ჩემი შვილი შარლოტსვილში წავიდა, სადაც ნაციონალისტებთან ერთად გამართულ მარშზე იმყოფებოდა და ერთერთ ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა. 

მე, მის დედმამიშვილებთან და მთელ მის ოჯახთან ერთად, მინდა ხმამაღლა გავემიჯნო ჩემი შვილის საზიზღარ, სიძულვილით სავსე და რასისტულ ქცევას. მე ჩემს გულსა და სახლს ვუზიარებდი ჩემს მეგობრებს, რომელიც არიან სხვადასხვა რასის, გენდერისა და წარმომავლობის. ღრმა ბავშვობიდან მასწავლეს, რომ ყველა მამაკაცი და ქალი თანასწორადაა შექმნილი და რომ ჩვენ ყველა ერთნაირად უნდა გვიყვარდეს. 

ჩემთვის და მისი ოჯახისთვის სამწუხაროდ, პიტერმა გადაწყვიტა, რომ ეს გაკვეთილები არ ესწავლა. ჩვენ ამ დრომდე ჩუმად ვიყავით, თუმცა ახლა ეს შეცდომად მიგვაჩნია. კარგი ადამიანების სიჩუმემ მისცა ბიძგი ნაცისტებს მათი პირველი აღზევებისას და კარგი ადამიანების სიჩუმე აძლევს მათ ამის უფლებას ახლაც. 

პიტერ ტეფტი, ჩემი შვილი, ჩვენს სახლში აღარ არის სასურველი სტუმარი. ვლოცულობ, რომ ჩემი შვილი გადაიაზრებს თავის სიძულვილით სავსე რწმენას და სახლში დაბრუნდება. მაშინ და მხოლოდ მაშინ გავიხარებ. 

მისი სიძულვილით სავსე აზრების გამო მისი დედმაშვილები, ბიძაშვილები, დიშვილები და ძმიშვილები განიცდიან სიძულვილს. ჩვენ რატომ უნდა ვგრძნობდეთ თავს დამნაშავედ? კიდევ ერთხელ, არცერთი მისი ეს რწმენა სახლში ნასწავლი არ არის. ჩვენ არ ვიღებთ მის დამახინჯებულ მსოფლმხედველობას, არასდროს მიგვიღია და არასდროს მივიღებთ. 

ერთხელ მან იხუმრა "ერთი რამაა ჩვენზე, ფაშისტებზე - ის კი არაა, რომ ჩვენ არ გვჯერა სიტყვის თავისუფლების. ვისაც რა სურს, ის თქვას. უბრალოდ, ღუმელში შევაგდებთ მათ". პიტერ, მოგიწევს, რომ ჩვენი სხეულებიც დაწვა ღუმელში. 

ჩემო ბიჭო, გთხოვ, გადაიაზრე სიძულვილი, მიიღე და გიყვარდეს ყველა,"- წერს ნაცისტი პიტერ ტეფტის მამა. 

12 აგვისტოს, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში თეთრი რასის უპირატესობის მომხრეებმა და ნეონაცისტებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი გენერალი რობერტ ედვარდ ლის ქანდაკების აღების გეგმას აპროტესტებდნენ.

რობერტ ედვარდ ლი ამერიკის სამოქალაქო ომში მონობის მომხრე, კონფედერაციული ძალების გენერალი იყო.

ულტრანაციონალისტების მსვლელობის გასაპროტესტებლად კი ქუჩაში ანტი-რასისტული ჯგუფები გამოვიდნენ, რასაც მხარეებს შორის შეტაკება მოყვა. ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა.

კომენტარები