ოკუპირებული აფხაზეთი

საგარეო: მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ნაბიჯები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ოკუპნატების მიერ მავთულხლართების გაბმის ფაქტს ეხმაურება. სამინისტროს განცხადებით, მავთულხლართების გაბმის პროცესი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის მეტ იზოლაციასა და სამშვიდობო პროცესებისათვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად. 

"აფხაზეთის რეგიონში ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის შემდეგ, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის გამიზნული პოლიტიკის ნაწილს, მეტ იზოლაციაში მოაქციოს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა და ნებისმიერი ხერხით შეუშალოს ხელი სამშვიდობო პროცესებს. რუსეთის საოკუპაციო ძალების ეს ქმედება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებასა და განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლებას, რაც კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას." - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ნაბიჯები და ასევე მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას შესაბამირი შეფასება მისცემ მომხდარ ფაქტს და შესაბამირი რეაგირება მოახდინონ რუსეთის ქმედებებზე. 

"საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნაკისრ ვალდებულებს, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და მოახდინოს შესაბამის რეაგირება რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ და აზიანებს როგორც უსაფრთხოების გარემოს, ასევე, საერთაშორისო წესრიგს." - წერია განცხადებაში.

რუსმა ოკუპანტებმა ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართები გუშინ გააბეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებად აფასებს.

კომენტარები