მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ლიტვაში იმყოფება

Tomas Kazulenas / Twitter

როგორც დემოკრატიული პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის, ტომას კაზულენასის მიერ საკუთარ Twitter-ზე გამოქვეყნებული ფოტოდან ჩანს, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში იმყოფება.

კაზულენასი წერს, რომ ფოტო აგვისტოს ომიდან ცხრა წლის გასვლასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ასახავს.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთი დატოვა, თუმცა პოლონური მედია არ აზუსტებდა, თუ სად გაემგზავრა საქართველოს ექსპრეზიდენტი.

სააკაშვილის მიერ პოლონეთის დატოვებას უკრაინის სასაზღვრო სამსახურიც გამოეხმაურა. მათი განცხადებით, ისინი სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ.

23 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, რა დროსაც ის აშშ-ში იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილსა და დოკუმენტში ჩამოთვლილ სხვა პირებს მოქალაქეობა უკრაინის კონსტიტუციის 106-ე მუხლის 26-ე პუნქტისა და უკრაინის მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-17 და მე-19 მუხლების თანახმად ჩამოერთვა.

კომენტარები