სითი პარკი

თბილისის მიკროავტობუსი უარყოფს, რომ CITY Park მაქაცარიას კომპანიით ჩანაცვლდება

netgazeti.ge

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის თქმით, თბილისის მერია სითი პარკის ჩანაცვლებას ახალი კომპანიით გეგმავს, რომელიც თბილისის მიკროავტობუსის მფლობელ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის. ელისაშვილის ინფორმაციით, თბილისის მერიასა და ბიზნესმენ მაქაცარიას შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და კომპანიის ოფიციალური წარდგენა სექტემბრამდე მოხდება. ამასთანავე, ელისაშვილის განცახდებით, სითი პარკის საკომპენსაციო 25 მილიონ ლარსაც სწორედ მაქაცარია გადაიხდის.

“ქართული ოცნება ცდილობს შექმნას ახალი სატრანსპორტო მონსტრი, ცდილობს ბნელ და ძალიან საეჭვო გარიგებაზე წავიდეს. ამ წუთებშიც კი მიმდინარეობს მოლაპარაკება ყველა მთავრობასთან დაახლოებულ ბიზნესმენთან. კონკრეტულად კი, მოლაპარაკება მიმდინარეობს ხვიჩა მაქაცარიასთან,რომელიც გახლავთ თბილისის მიკროავტობუსის მფლობელი, რომ მისმა კომპანიამ ჩაანაცვლოს სითი პარკი”- თქვა ელისაშვილმა.

თბილისის მერობის კანდიდატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს კომპანია თბილისის მიკროავტობუსი.

“ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომ კომპანია სითი პარკის 25 მილიონ ლარად შეძენას გეგმავს ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია არ შეესაბამება სიმართლეს. პოლიტიკური სარჩევნო კამპანიისთვის ბიზნესის გამოყენება ხელს უშლის ეკონომიკური პროცესების ჯანსაღად მიმდინარეობას” - წერია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები