პენსის ვიზიტი

კობახიძე: პენსის ვიზიტმა დაადასტურა, რომ აშშ რეგიონში მთავარ მოკავშირედ მიგვიჩნევს

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტს აფასებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ვიზიტმა დაადასტურა, რომ აშშ საქართველოს რეგიონში მთავარ მოკავშირედ განიხილავს.

"ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობრის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტმა დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს რეგიონში მთავარ მოკავშირედ, სანდო პარტნიორად და ერთგულ მეგობრად განიხილავს. ვიცეპრეზიდენტმა მკაფიო და მტკიცე მეგობრული გზავნილები გადასცა ჩვენს ხალხს. ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის მაღალი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ნათელი გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს საქართველოს მარტო დატოვებას რთული გამოწვევების წინაშე."- ამბობს კობახიძე.

ირაკლი კობახიძის თქმით, პენსმა ხელისუფლების საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია "გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას მოქმედ ხელისუფლებასთან".

"ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას მოქმედ ხელისუფლებასთან და მმართველ პოლიტიკურ გუნდთან, რომლის მმართველობის პირობებში, მაიკ პენსის განცხადებით, ქვეყნის განვითარების ბოლო 5 წელიწადი განსაკუთრებით წარმატებული იყო. ეს არის საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის უპრეცედენტო შეფასება, რომელიც გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, გავაგრძელოთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება, სტაბილური განვითარებით მივაღწიოთ მეტ წარმატებას და ხალხის კეთილდღეობას, რაშიც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს."- ამბობს კობახიძე.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი საქართელოში ოფიციალური ვიზიტით 31 ივლისს ჩამოვიდა და ქვეყანა 1 აგვისტოს დატოვა. 

კომენტარები