NDI-ის კვლევა

NDI: 52%-მა არ იცის, რომ 7 თვითმმართველი ქალაქი უქმდება, 59%-სთვის ცვლილება მიუღებელია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44%-მა არ იცის, რომ შვიდი თვითმმართველი ქალაქი გაუქმდება. ამბროლაურის, ახალციხის, გორის, ზუგდიდის, თელავის, მცხეთისა და ოზურგეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ კვლევაში მონაწილეთა 52%-ს სმენია.

გამოკითხულთა 59%-სთვის მიუღებელია ცვლილება, რომ ამ ადგილებში ქალაქის და თემის მუნიციპალიტეტი გაერთიანდება. 

ამასთან, გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ექნება, ხოლო 18%-ის აზრით - საერთოდ არ ექნება გავლენა. კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ 18% ფიქრობს, რომ ცვლილებებს ქვეყანაზე დადებითი გავლენა ექნება.

ამასთან, NDI აღნიშნავს, რომ ეს ტენდენცია ყველა პარტიის მხარდამჭერზე ვრცელდება.

"მაგალითად, ქართული ოცნების მხარდამჭერთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებს ქვეყანაზე უარყოფითი ან არანაირი გავლენა არ ექნება" - წერია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში.

ცნობისთვის, თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შესახებ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. დღეს პარლამენტი მის დაძლევაზე იმსჯელებს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

კომენტარები