შრომის უსაფრთხოება

ნარმანია მუშის დაღუპვაზე: კომპანიები დაუდევრად იქცევიან, რეგულაციებს გავამკაცრებთ

ტაბულა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიდ დიღომში მშენებლობაზე მუშის დაღუპვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რეგულაციები აუცილებლად გასამკაცრებელია. მისი თქმით, ობიექტზე აუცილებლად უნდა იყოს დაცული მინიმალური უსაფრთხოების ნორმები.

“რეგულაციები აუცილებლად გასამკაცრებელია და ეს გათვალისწინებული იქნება მშენებლობის ახალი კანონმდებლობით, რომელის განხილვაც მიმდინარეობს. მანამდე არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ქალაქის ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს იმას, რომ მშენებლობის ობიექტზე იყოს მინიმალურად აუცილებელი უსაფრთხოების ნორმები დაცული” - განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ "კომპანიები ხშირ შემთხვევაში დაუდევრად იქცევიან, არ არის შესაბამისი საკითხები დარეგულირებული და მოწესრიგებული. ასე რომ, მნიშვნელოვანია, გაუფრთხილდნენ თავიანთი დასაქმებულების ინტერესებს”.

ცნობისთვის, დიდ დიღომში, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულმა შრომის ინსპექციამ აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი "ტაბულას" უთხრა, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

კომენტარები