ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა

აჰმედ იმამკულიევი დემირიოლ სერვისის წინააღმდეგ გამართულ აქციას შეუერთდა

კომპანია დემირიოლ სერვისი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე. ამ პერიოდში კომპანიას მარნეულში მცხოვრებ ფარვან იუსუბოვთან ჰქონდა დადებული ხელშეკრულება საკვების მიწოდებაზე, რა დროსაც დემირიოლ სერვისს იუსუბოვთან მილიონნახევარი ლარი ვალი დაუგროვდა.

2017 წლის იანვრის თვიდან სასამართლომ კომპანიას ვალის გადახდა დააკისრა და საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა.

"ამ გარკვეული პერიოდის მანძილზე, ჩვენ გვაქვს საკრედიტო დავალიანება ადამიანების გარკვეულ ჯგუფთან - ფიზიკურ პირებთან და ამასთან ერთად, ფირმებთან. მე არ ვიცი ვის წარმოადგენს, მე ვიცი რომ ერთი ფიზიკური პირია, ვისაც ჩვენთან აქვს გარკვეული დავა. მას მოგებული აქვს სასამართლო პროცესი. 7 თვის მანძილზე ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები, შეთანხმებები ამ ჯგუფებთან, ველოდებით რაღაც ფინანსურ დახმარებებს, რომელსაც დღესაც ველოდებით. შეიძლება უახლოეს მომავალში გადაწყდეს ეს საკითხი, მაგრამ მე კონკრეტულად ვერ გეუბნებით როდის გადაწყდება",-აცხადებენ დემირიოლ სერვისში.

ფარვან იუსუბოვას კომპანიასთან თანამშრომლობის დროს, რამდენიმე ათეულ ადამიანთან ჰქონდა შეთანხმება, რომელსაც ახლა კომპანიის დაგვიანების გამო ვერ ასრულებს.

დღეს დემირიოლ სერვისის ოფისთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ამ დრომდე აღნიშნულ საქმეზე რეაიგრება არ მომხდარა.

"მე ყველაფერს ამ ხალხისგან ვიღებდი - ხორცს, ქათამს, ყველს და ყველაფერს. მე ყველაფერი კომპანიას მივეცი. რამდენი წელია უკვე კომპანიაში გვპირდებიან, რომ აგვინაზღაურებენ - შემდეგ კვირაში, შემდეგ თვეში. უკვე აღარ შეგვიძლია ლოდინი. მე ამ ხალხის ძალიან ბევრი ვალი მაქვს - ლომბარდის, ბანკის ვალიც და რატომ ვარ ვალდებული ვიხადო?",-ამბობს ფარვან იუსუბოვი.

აქციას ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ახმედ იმამკულიევიც შეუერთდა. იმამკულიევის თქმით, კომპანიას ხელისუფლება მფარველობს და მოუწოდებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება.

"დღეს ეს ხალხი ჩამოსულია იმისთვის, რომ მიიღონ პასუხი ამ ფირმის მილიონნახევრიან ვალზე. ჩვენ იმიტომ მოვედით, რომ ამას ხელს აფარებს ხელისუფლება, რადგან სასამართლოში მოიგო ადამიანმა ეს საქმე, იანვარში აღსრულების ბიუროშიც არის გადაგზავნილი საქმე, მაგრამ სამწუხაროდ, აღსრულების ბიურო დღემდე ვერაფერს ახორციელებს. ეჭვი გვაქვს, რომ ხელისუფლებიდან ვიღაც თანამდებობის პირი ხელს აფარებს ამ კომპანიას",-აღნიშნა იმამკულიევმა.

კომენტარები