ვიდეოთვალთვალი

პერსონალურმა ინსპექტორმა ფრესკო გასახდელის ვიდეოთვალთვალისთვის 2000 ლარით დააჯარიმა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევისთვის, მათ შორის გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალისთვის დააჯარიმა. ინსპექტორის ცნობით, კომპანიას ჯარიმის სახით 2000 ლარის გადახდა დაეკისრა, ასევე, დაევალა გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და არსებული ჩანაწერების განადგურება.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა შპს ფრესკო შოპინგ ცენტრის ინსპექტირება, ანუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებს განუცხადეს. ინსპექტორის აპარატს მიმართა პროფკავშირებმაც.

შპს ფრესკო შოპინგ ცენტრის ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ კომპანია ნამდვილად ახორციელებს ვიდეოთვალთვალს სავაჭრო ობიექტების ქალი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ გამოსაცვლელ ოთახებში", - ამბობენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციაში.

მათივე ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში პირდაპირ წერია, რომ „ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში.“ კომპანიას დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაევალა გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის განხორციელების შეწყვეტა, ასევე მოპოვებული ჩანაწერების სრულად წაშლა/განადგურება.

კომენტარები